გელა ხასაიასთან ერთად დაკავებული ვასილ ქერდიყოშვილი აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ ცნობს – პროკურორმა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ გამორიცხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრის, გელა ხასაიასა და ვასილ ქერდიყოშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ორივე მათგანი ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზეა ბრალდებული.
როგორც სასამართლო პროცესზე გელა ხასაიამ განაცხადა, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, ვასილ ქერდიყოშვილის თქმით კი, თავს დამნაშავედ ცნობს.
საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე იხილავს.
მოსამართლის კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა ქერდიყოშვილის მიმართ საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება, პროკურორმა მარიამ წულაიამ განმარტა, რომ „ეს ჯერჯერობით მიღწეული არ არის, თუმცა სამომავლოდ არ გამოვრიცხავ“.
ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავება, რომ მან 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს – რამაზ ჩადუნელს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს

შსს-ს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტის შესახებ, „თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული“