სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა დოკუმენტის სრული შინაარსი „სომხეთისა და ევროკავშირის პარტნიორობის სტრატეგიული დღის წესრიგის“ შესახებ․
როგორც „არმენპრესი“ წერს, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სომხეთსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული დღის წესრიგი მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის․
დოკუმენტი დაფუძნებულია ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმებაზე (CEPA) და განსაზღვრავს ამბიციურ პრიორიტეტებს სხვადასხვა სფეროში․
გამოცემის ცნობითვე, დღის წესრიგი წარმოადგენს საერთო ღირებულებებისა და ორმხრივი ინტერესების გამოხატულებას და ასახავს მზადყოფნას ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისადმი. გამოხატავს სომეხი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს სომხეთის დემოკრატიულ განვითარებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და სოციალურ-ეკონომიკურ მდგრადობას. ევროკავშირი მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთის ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი და მის სწრაფვას ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისკენ. სომხეთისა და ევროკავშირის თანამშრომლობა გადამწყვეტ ეტაპზეა. სტრატეგიული დღის წესრიგი განსაზღვრავს საერთო ხედვას მომავალზე, რომლის მიზანია რეგიონის სტაბილურობის, კეთილდღეობისა და მშვიდობის განმტკიცება. ერთობლივი მუშაობის შედეგად, სომხეთი და ევროკავშირი შეძლებენ მიაღწიონ დღის წესრიგით განსაზღვრულ ამბიციურ მიზნებს და შექმნან უკეთესი და უსაფრთხო მომავალი ყველასთვის. ევროკავშირი მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთის ერთგულებას დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ქვეყანა რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშეა. ევროკავშირი მნიშვნელოვან წინსვლად მიიჩნევს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და სომხეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს, რომელთა მიზანიც ქვეყნის მოდერნიზაციაა CEPA-ს საფუძველზე. ევროკავშირი დაეხმარება სომხეთს დღის წესრიგით განსაზღვრული მიზნებისა და პრიორიტეტების განხორციელებაში. ამისთვის გამოიყენება ყველა ხელმისაწვდომი მხარდაჭერის ინსტრუმენტი: გამოცდილება, კონსულტაციები, საუკეთესო პრაქტიკა, ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარება, ინსტიტუციური გაძლიერება და ტექნიკური მხარდაჭერა. სტრატეგიული პრიორიტეტებია: სოციალური და ეკონომიკური განვითარება, ვაჭრობის დივერსიფიკაცია, მდგრადობის გაძლიერება, გეოპოლიტიკურ და რეგიონულ გამოწვევებზე რეაგირება, მათ შორის, ჰიბრიდული და სხვა ტიპის საფრთხეებზე. ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზე დიალოგი ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. პროცესის მიზანია ხელი შეუწყოს მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას ევროკავშირის და შენგენის ზონის ფარგლებში, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება მობილურობისა და უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტები. სომხეთმა მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა ისეთი სფეროებში, როგორიცაა: სასამართლო რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, სამართლის უზენაესობა, სიტყვის და მედიის თავისუფლება, პოლიციის რეფორმა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება (მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს შექმნა), ასევე, განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, მიგრაციისა და სამოქალაქო დაცვის სფეროებში. ეკონომიკური თანამშრომლობა, ვაჭრობის დივერსიფიკაცია და ურთიერთკავშირების განვითარებაც დღის წესრიგის ცენტრალურ ბირთვს წარმოადგენს. ერთობლივი ქმედებებით სომხეთი და ევროკავშირი შეძლებენ გამოავლინონ ახალი შესაძლებლობები ეკონომიკური ზრდის, დასაქმებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის. რეგიონის უსაფრთხოების მდგომარეობა რჩება არასტაბილური. სომხეთ-ევროკავშირის სტრატეგიულ დღის წესრიგში უსაფრთხოება და თავდაცვა წარმოდგენილია, როგორც ახალი თანამშრომლობის სფერო. მიზანია სომხეთის მდგრადობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერება. მაგალითად, 2024 წელს ევროკავშირმა ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში დაამტკიცა პირველი პროექტი სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად.
2025 წლის 2 დეკემბერს, ბრიუსელში გამართულ პარტნიორობის საბჭოს სხდომის შედეგად, სომხეთმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს სტრატეგიულ პარტნიორობის დღის წესრიგს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა․




