სააკაშვილმა ჰააგის სასამართლოს მიმართა, გამოიძიონ ქიმიური საშუალებების შესაძლო გამოყენება

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის ოფისს მიმართა, ყურადღება მიაქციონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში.
„მრავალრიცხოვანი მოწმის ჩვენებები, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული აკადემიური მონაცემები და ადგილობრივი თუ საერთაშორისო მედიის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს საერთაშორისო სამართლის მიხედვით აკრძალული ქიმიური საშუალებების მასშტაბურ გამოყენებაზე ათასობით მომიტინგის წინააღმდეგ. ასობით ადამიანი იტანჯება ქიმიური აგენტების გამოყენების შედეგად მიღებული ხანგრძლივი დაზიანებებით. ასევე არსებობს ფატალური შემთხვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. მნიშვნელოვანია დროული რეაგირება, რათა შემცირდეს აკრძალული (მათ შორის ექსპერიმენტული) ქიმიური საშუალებების შემდგომი გამოყენების რისკი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ“, — წერს სააკაშვილი პროკურორის ოფისისადმი გაგზავნილ წერილში.
სააკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო გამოძიება აუცილებელია, ვინაიდან არანაირი იმედი არ არსებობს, რომ ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები ამ საკითხს სერიოზულად გამოიძიებენ.
„რა თქმა უნდა, ჰააგას დასჭირდება წლები, მაგრამ თავად გამოძიების დაწყებას სერიოზული ეფექტი ექნება.
მე მაქვს გამოცდილება ჰააგის ამ სასამართლოსთან მუშაობის, როცა 2019 წელს შევკრიბე იურისტთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელმაც შეადგინა 300-გვერდიანი დოკუმენტი ICC-ში წარსადგენად, 2008 წლის ომთან დაკავშირებით. მაშინ სასამართლომ მთლიანად გაამართლა საქართველო და ბრალი წაუყენა რუს ოფიციალურ პირებს. ახლა ჩემი თავისუფლება საერთაშორისო კონტაქტების ბევრად შეზღუდულია, მაგრამ მაინც მაქვს იმედი, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო იმუშავებს და თავიდან აგვაცილებს ახალ ტრაგედიებს“, — აცხადებს ექს-პრეზიდენტი.
ამასთან, სააკაშვილი ამბობს, რომ. ეს მიმართვა ახალ რეპრესიებს და ე.წ. სასჯელებს გამოიწვევს მის მიმართ, მაგრამ ვერ გაჩუმდება.
BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი — ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კამიტი (camite). „ქართული ოცნება” ამ ცნობას აბსურდს უწოდებს და BBC-ის სასამართლოში ჩივილით ემუქრება.
სუს-მა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს ექიმები, რომელთა კვლევაც BBC-ის გამოძიებაში ფიგურირებს.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხის შესწავლის შესახებ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას (OPCW), გაეროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლეს წარმომადგენლებს მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.