ამერიკული გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა ჯონ თუნმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს უარი უთხრა, დაეჩქარებინა „მეგობარი აქტის“ მიღება.
გამოცემის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჯონსონს სურდა „მეგობარი აქტის“ ჩართვა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) — თავდაცვის ბიუჯეტის ყოველწლიურ კანონში, რომლის მიღებაც აუცილებელია.
The Hill-ის ცნობით, თუნის გადაწყვეტილება, უარი ეთქვა ჯონსონის თხოვნაზე, წარმოაჩენს კიდევ ერთ ბზარს მათ ურთიერთობაში, რომელიც სულ უფრო მეტად იძაბება. ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო სამი თვის განმავლობაში, როცა თუნმა დაბლოკა „მეგობარი აქტის“ NDAA-ში შეტანის ორპარტიული მოთხოვნა, ხოლო ჯონსონის მიერ ბოლო წუთს კანონპროექტის სასარგებლოდ ჩარევა მოულოდნელი აღმოჩნდა.
„სპიკერ ჯონსონის ლობირება მისასალმებელი იყო, თუმცა თითქოს არსაიდან გაჩნდა. მას შემდეგ, რაც სექტემბერში თუნმა კანონპროექტი ჩააგდო, გვეგონა, რომ ის მკვდარი იყო. ბოლო წუთს სპიკერის თხოვნით ძალიან ვეცადეთ კანონპროექტის NDAA-ში შეტანას, მაგრამ თუნის წინააღმდეგობის გადალახვა ვერ შევძელით“, — განაცხადა The Hill-ის წყარომ.
თუნისა და ჯონსონის ოფისებმა კომენტარი არ გააკეთეს.
მანამდე თუნმა „მეგობარი აქტის“ NDAA-ში შეტანა სენატორ მარკვეინ მალინის (რესპუბლიკელი ოკლაჰომიდან) თხოვნით დაბლოკა.
მალინი წარსულში ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი. ის ბიძინა ივანიშვილს „რუსეთში გაწვრთნილ ოლიგარქს“ უწოდებდა და 2020 წელს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება „ფრონტერას“ მაგალითზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის გაუარესებული ეკონომიკური კლიმატისა და გაუარესებული დემოკრატიისთვის გააკრიტიკა.
„ფრონტერა“ ამერიკაში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა საქართველოში, კახეთში. 2020 და 2021 წლებში კომპანიასა და სახელმწიფოს შორის კონფლიქტი გაღრმავდა.
თუმცა სექტემბერში მან The Hill-თან საუბრისას განაცხადა, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ამტკიცებდა, რომ თბილისთან მიმართებით სანქციების „მათრახის“ ნაცვლად წახალისების „თაფლაკვერი“ უნდა გამოეყენებინათ.
„მინდა მათთან მუშაობის შესაძლებლობა მქონდეს, სანამ სანქციებს დავუწესებთ. მინდა ვიმუშაო მათთან, რათა ვნახოთ, როგორ შეუძლიათ მიაღწიონ ნამდვილ სუვერენიტეტს და თავი დააღწიონ რუსეთის გადამეტებულ გავლენას“, — განაცხადა მალინმა.
„მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს სავიზო და ფინანსური სანქციების დაწესებას მათთვის, ვინც ჩართულია კორუფციაში, საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან განზრახ აფერხებს საქართველოს დემოკრატიული პროცესებს და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.
კანონპროექტი დამტკიცებულია წარმომადგენელთა პალატის და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ. დარჩენილია კენჭისყრა სენატში.




