20 წლამდე პატიმრობა ემუქრება პირს, რომელმაც ქუთაისში ერთი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა – პროკურატურა

ქუთაისში დააკავეს მოქალაქე, რომელსაც ერთი ადამიანის მკვლელობას და ორის დაჭრას ედავებიან. პროკურატურამ მას ბრალი უკვე წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ, 30 ნოემბერს მოხდა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ნოემბერს, ქ. ქუთაისში, ანგარიშსწორების მოტივით, ბრალდებულმა რევოლვერიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, ცეცხლი გაუხსნა სამ პირს, რომელთაგან ერთი პირი მოკლა, ხოლო ორი პირი დაჭრა. დაჭრილების სიცოცხლის გადარჩენა, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა”, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიციამ სავარაუდო დანაშაულის იარაღი დაკავებულის სახლის ჩხრეკისას ამოიღო.
დაკავებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.