რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, საქართველოს ყოფილ ვიცე-პრემიერს, გიორგი ბარამიძეს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დაუსწრებლად გაასამართლებენ.
„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პროკურატურამ დაამტკიცა ბრალდება საქართველოს მოქალაქის, გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში). სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვისთვის დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა“, – ნათქვამია განცხადებაში
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება გიორგი ბარამიძე:
„ყოველთვის ვამაყობდი, რომ როცა რაშისტული რუსეთის ჯარი კიევს უტევდა, უკრაინაში ქართული ლეგიონის რიგებში, რიგითი ქართველი ვიყავი და ამით მომავალშიც ყოველთვის ვიამაყებ.
უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა!
დიდება ყველა ვაჟკაცს ვინც საქართველოს მტერ რუსეთთან ბრძოლაში, სამშობლოსთვის თავი, საქართველოში თუ უკრაინის ფრონტზე, გაწირა!
მხნეობა და გამარჯვება იმ ბიჭებსა და გოგოებს, ვინც ახლაც უკრაინაში საქართველოს მტერს ეომება!
დიდება საქართველოს!
Slava Ukrayni!“




