16 იანვარს ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე ბელუჯების პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის გამოც პაკისტანმა თავისი საჰაერო და სახმელეთო სივრცის დარღვევისთვის ოფიციალური განმარტება მოითხოვა. 18 იანვარს პაკისტანის სამხედრო ძალები ირანის ტერიტორიაზე საზღვართან მდებარე სისტან-ბელუჯისტანის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში რაკეტები ჩამოაგდო. პაკისტანის მტკიცებით ამ სოფელში ბელუჯების გათავისუფლების ფრონტის ტერორისტები იმალებოდნენ და ისინი კვლავ პატივს სცემენ ირანის ისლამური რესპუბლიკის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ირანმა და პაკისტანმა ორი დღის მანძილზე ერთმანეთის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს, რომელთა პირდაპირი სამიზნეები ბელუჯების სტრატეგიული პოზიციები იყო, თუმცა იერიშების ფონზე ირანსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა დაიძაბა.
პაკისტანსა და ირანს 900-კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებთ, რომლის ორივე მხარეს ბელუჯებით დასახლებული რეგიონები – პაკისტანის ბელუჯისტანი და ირანის სისტანი-ბელუჯისტანი მდებარეობს. ბელუჯებს ორივე სახელმწიფოში სეპარატისტული მოძრაობა აქვთ და შესაბამისად, როგორც ირანი, ისე პაკისტანი ბელუჯებს უკვე მრავალი წელია ებრძვიან.
16 იანვარს ირანის თავდასხმის შემდეგ ირანის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ამ ოპერაციით ისინი მხოლოდ პაკისტანის ტერიტორიაზე ირანელ ტერორისტებს უსწორდებოდნენ. ამ თავდასხმამ პაკისტანში პროტესტის დიდი ტალღა წარმოშვა, რადგან ის არღვევდა საერთაშორისო სამართალს და აჩენდა საფრთხეებს პაკისტანისა და ირანის ორმხრივ ურთიერთობაში.
დაახლოებით ერთი თვის წინ ირანმა ინფორმაცია გაავრცელა, ბელუჯების სუნიტურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ ჯაიშ ალ-ადლმა ირანის სისტანი-ბელუჯისტანის რეგიონში პოლიციის შენობაზე ტერაქტი განახორციელეს, რასაც 11 ირანელი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პაკისტანში ჯაიშ ალ-ადლის პოზიციებზე თავდასხმა ტერაქტის საპასუხო ქმედებაა, თუმცა სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით ირანმა და პაკისტანმა საჰაერო დარტყმების განხორციელება ერთმანეთის გაფრთხილების გარეშე გადაწყვიტეს.
ირანის სტრატეგიული პოლიტიკა ისრაელი-ჰამასის ომის მიმდინარეობის პარალელურად მრავალმხრივ გააქტიურდა. პაკისტანში ჯაიშ ალ-ადლის სამიზნეებზე თავდასხმამდე ერთი დღით ადრე ირანმა ბალისტიკური რაკეტები ერაყის და სირიის მიმართულებით ისროლა, რომლის მიზნადაც ისრაელის ჯაშუშების ბაზის განადგურება დაასახელა.
ისრაელი-ჰამასის ომის კონტექსტი უკვე პალესტინურ ტერიტორიებს გასცდა და მთელს ახლო აღმოსავლეთს მოიცავს. ისრაელს და დასავლურ სამიზნეებს რეგიონში ირანი და ირანის მიერ მართული ორგანიზაციები, როგორებიცაა ჰამასი, ჰეზბოლა და ჰუსიტები, ესხმიან თავს. ისრაელი-ჰამასის ომის მასშტაბი ირანს შესაძლებლობას აძლევს უფრო თამამად და პროაქტიულად დაესხას თავს მისი საზღვრების გარეთ მდებარე სამიზნეებს.
“თუ არ შეიზღუდება ირანი და მისი მარიონეტული ძალები, მათთვის აღარ იარსებებს ფასი, რისი გადახდაც მსგავსი თავდასხმებისთვის მოუწევთ” – ამბობს Carnegie Endowment for International Peace-ის ექსპერტი კარიმ სადჯადპური.
მისი თქმით, ირანი ცდილობს რეგიონის უკიდურესი დაძაბულობით ისარგებლოს და მაქსიმალურად შეავსოს “ძალის ვაკუუმები” რეგიონული ჰეგემონიისთვის, რაც ადრე გაცილებით უფრო ძვირი დაუჯდებოდა.