რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20%, 2008 წელს ჩვენ გვქონდა ომი და დღესაც აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას – ირაკლი ღარიბაშვილი

“რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20%, ეს ჩვენ გუშინდელ შეხვედრებზეც განვიხილეთ. 2008 წელს ჩვენ გვქონდა ომი და ამ ომის შემდეგ რუსეთმა ააგო სამხედრო ბაზები და აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას,” – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მან, ასევე, ისაუბრა სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტზე და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნის ლიდერები ახლა იმ პოზიციაზე იმყოფებიან, რომ ერთმანეთთან საუბარი ორმხრივ ფორმატში სურთ, რაც, მისი შეფასებით, სწორი გადაწყვეტილებაა.
“სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებით სიტუაციას რაც შეეხება, პირველ რიგში, თქვენ გახსოვთ ჩვენი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20%, ეს ჩვენ გუშინდელ შეხვედრებზეც განვიხილეთ. 2008 წელს ჩვენ გვქონდა ომი და ამ ომის შემდეგ რუსეთმა ააგო სამხედრო ბაზები და აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20% -ის ოკუპაციას. ამ უსაფრთხოებითი გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ მიგვეღწია უპრეცედენტო შედეგისთვის და უზრუნველვყავით უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეული, ამან კი მოიტანა კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა საქართველოსთვის. მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, ასეთი მშვიდობიანი და სტაბილური სიტუაცია საქართველოში არ გვქონია.
რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ჩვენ ორივესთან ძალიან ახლო მეგობრობა და პარტნიორობა გვაკავშირებს. ისინი ჩვენი ძმები და მეგობრები არიან. წარმატებული შუამავლობის შემდეგ, როდესაც განაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, 2 წლის წინ ხელახლა ვცადე მხარეებთან მოლაპარაკებები. ძალიან კომპლექსური სიტუაციაა, ამ რეგიონში, მოგეხსენებათ, ბევრი მოთამაშეა. მსურს დავამატო, რომ ვიცი ორივე ქვეყნის ლიდერი ახლა არის იმ პოზიციაზე, რომ ერთმანეთთან საუბარი ორმხრივ ფორმატში სურთ. პირადად მე ვთვლი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან მომლაპარაკებლებისა და მონაწილეების ჩართულობა ხშირად კონტრპროდუქტიულიც შეიძლება იყოს. ასე რომ, მათ ვუსურვებ ყველაფერ საუკეთესოს და ძალიან ვიმედოვნებ, რომ გადაწყვეტას მალე ვიხილავთ და მალე სამშვიდობო ხელშეკრულებასაც მოეწერება ხელი,” – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ