ქართული პრესის მიმოხილვა 01.12.2025

ვახტანგ ძაბირაძე – “ვადამდელი ს თემით ხელისუფლება ოპოზიციას “აბალახებს”
შეუმდგარი ტერორისტული აქტი, პოლიტიკური დევნა, თუ მორიგი „საკენკი” – რატომ დააკავეს ელისაშვილი?
მევლუდ მელაძე – “საგზაო შემთხვევების უმრავლესობა უცოდინარობის ბრალია და საჯარიმო სანქციების გამკაცრებით, რა თქმა უნდა, ვერ აღმოვფხვრით”
* * *
ვახტანგ ძაბირაძე – “ვადამდელი ს თემით ხელისუფლება ოპოზიციას “აბალახებს”
“ამ ერთწლიანმა პროტესტმა უპირველესად მოიტანა ის, რომ `ქართული ოცნება~ დღეს სრულიად იზოლირებულია დასავლური სამყაროსგან, მაგრამ ამასთანავე საქართველოს იზოლაცია არ ხდება. ჩვენი პარტნიორები ხედავენ ქართველი საზოგადოების ბრძოლას ჩვენი ევროპული გზისთვის, ევროპული მომავლისთვის და ამას აფასებენ. შესაძლოა ოპოზიცია ვერ ახერხებს მასშტაბური საპროტესტო განწყობის რეალიზებას, მაგრამ ქვეყნის გარეთ, ვგულისხმობ დემოკრატიულ ქვეყნებს, ამ ბრძოლამ ნაყოფი გამოიღო – ამ ეტაპზე “ქართული ოცნების” ხელისუფლება მიუღებელია მთელი დასავლური სამყაროსთვის და ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა. ყველაფერი დაიწყო 2024 წლის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებით, თუმცა კულმინაცია იყო შარშან კობახიძის განცხადება, ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე. ამ პროტესტმა გამოიწვია ის, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა შეცვალოს კანონმდებლობა, იმოქმედოს მეტად რეპრესიული მეთოდებით, რაც უფრო აძლიერებს საპროტესტო განწყობებს”, – აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვადამდელი არჩევნების თემით “ოცნება” ოპოზიციას “აბალახებს”.
“ის, რომ მეტი შედეგი ჯერ არ მოჰყოლია საპროტესტო მოძრაობას, ეს დიდწილად ოპოზიციის დამსახურებაა. კარგა ხანს პროტესტის არდში პოლიტიკოსები არ ჩანდნენ, ან სადღაც გამოჩნდნენ, მაგრამ რადიკალური განცხადებებით თუ ქმედებებით საპროტესტო მოძრაობა მხოლოდ დააზიანეს. გასულ კვირას 28 ნოემბრის აქციაზეც ვნახეთ პოლიტიკოსები მიკროფონით ხელში, მაგრამ ახალი მათგან ვერაფერი მოვისმინეთ. არსად ჩანან მოფიქრალი პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება. ხელისუფლება შესაძლოა უფრო მეტ პროვოკაციაზე წავიდეს, ვიდრე 4-ში მოხდა, რათა უფრო მასშტაბური რეპრესიებისთვის გაეხსნას ხელი. ოპოზიციას გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს, თუ სურს რეალური ცვლილებები. ფაქტია, საზოგადოებას არ ეშინია ხელისუფლების, მიუხედავად იმისა, რომ უახლესი ისტორიის განმავლობაში საქართველოს ამდენი პოლიტპატიმარი არ ჰყოლია, ადამიანები მაინც გადიან ქუჩაში, მაინც იმაღლებენ ხმას “ქართული ოცნების” რეჟიმის წინააღმდეგ. ამაში ჩანს, რომ დღითი დღე სამოქალაქო საზოგადოების უფრო მეტ ნიშანს ვიძენთ, მაგრამ ხელისუფლებაც ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მიდის ავტორიტარული რეჟიმისკენ”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ამ ხელისუფლების შიში არ არის, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” სწორად შეარჩია პოლიტიკა – საზოგადოება ომით დააშინა. ჩვენს ცნობიერებაში ომი, რა თქმა უნდა, პირდაპირ უკავშირდება ოკუპანტ რუსეთს. შესაბამისად, თუ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი დღეს პროტესტს აქტიურად არ გამოხატავს, ეს სწორედ ს აგრესიის საფრთხით არის განპირობებული. ვიდრე ეს საფრთხის განცდა არ მოიხსნება, ჩემი აზრით, საზოგადოებრივ პროტესტში არსებითი გარდატეხა ვერ მოხდება. თუ რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდა ისე, რომ საქართველოში ოკუპანტისგან საფრთხის განცდა გაქრა, მაშინ ამას შეიძლება მოჰყვეს ძალიან დამანგრეველი გამოსვლები, რადგან დღეს ქართველი საზოგადოება ძალიან ბევრ რამეზეა უკმაყოფილო, რაც მზარდია და ერთ დღესაც ამან შეიძლება ისეთი ქაოსური წინააღმდეგობის სახე მიიღოს, რომ არა მხოლოდ “ქართული ოცნება”, არამედ მთელი ქვეყანა დააზარალოს”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ჩემი აზრით, ჯერჯერობით კვლავ გაგრძელდება ყოველდღიური მშვიდობიანი პროტესტი, იქნება უფრო მასშტაბური აქციებიც, რაც ხელისუფლებას მეტ შეცდომას დააშვებინებს… ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ მის მხარდამჭერებში ძალიან ბევრი საქართველოსთვის ევროპული კურსის მომხრეა. ისინიც სწორედ მათ არწმუნებენ, რომ მაინც ევროპაში მიდიან. მათი თქმით, დღევანდელი ევროპა არ ვარგა, თორემ 2030 წლისთვის ყველაფერი შეიცვლება და ახალი ევროპა დაიბადება, თუმცა თვითონაც იციან, რომ ეს სრული სისულელეა. უბრალოდ, მხარდამჭერების მოტყუებას კიდევ ერთხელ ცდილობენ. სამწუხაროდ, ისინიც იტყუებენ თავს”, – ამტკიცებს ექსპერტი და შეკითხვაზე – “2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული პროტესტანტთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ბოლო ხანს გახშირდა ლაპარაკი, რომ `ქართული ოცნება~ შესაძლოა ამისთვის ემზადებოდეს, რაკი ცდილობს ოპონენტებისგან მოასუფთაოს პოლიტიკური ველი…” – პასუხობს:
“ჩემი შეფასებით, “ქართულ ოცნებას” არაფერში სჭირდება ვადამდელი არჩევნები. ეს ერთ-ერთია იმ თემებისგან, რომლითაც ოპოზიციას, მაპატიეთ გამოთქმისთვის და, აბალახებენ. ბოლოს და ბოლოს, ამას დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება, რატომ უნდა დახარჯოს ეს ფინანსები ახლა, როდესაც მათ ძალაუფლებას ჯერ არაფერი ემუქრება, თან ვითარებაში, როდესაც დასავლეთთან ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს, შესაბამისად, ლეგიტიმაციასაც ვერ მიიღებენ…”
“ჯერ ერთი, ოპოზიციის დიდი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, მეორე – ევროპის და ამერიკის დამოკიდებულება “ქართული ოცნებისადმი” არ შეცვლილა. ის მათთვის ისეთივე მიუღებელი დარჩება არჩევნების შემდეგაც. ამ პარტიების აკრძალვის თემაც ძალიან უცნაურია. ამდენი ხნის განმავლობაში “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც “მგლის” ფაქტორს, მშვენივრად იყენებდა და დღესაც იყენებს, რაში სჭირდება მისი აკრძალვა, არ მესმის. გარდა ამისა, ყველა პარტიაც რომ აკრძალოს, პოლიტიკურ პროცესს როგორ გააქრობს? ეს კომუნისტებმაც ვერ შეძლეს. ამბობენ, ეს კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოსაღებად სჭირდებაო. კი მაგრამ, დღეს ანტიდასავლური კურსის გატარებაში ეს მუხლი უშლის ხელს? – ვფიქრობ, არა! ჩემი აზრით, ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი უახლოეს მომავალში როგორღაც გადაწყდა”, – დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
“რაც შეეხება 6.5 მლრდ დოლარიან ინვესტიციას, ბევრი კითხვა კვლავ უპასუხოა. თუ გავითვალისწინებთ ივანიშვილის ფინანსურ პრობლემებს დასავლეთში, მგონი, ხდება დასავლეთის ერთგვარი ჩანაცვლება აღმოსავლეთით და ამის უკან პირადად ს ინტერესი დგას. თვითონ მშენებლობაზე შემიძლია გითხრათ, რომ იქ კვადრატულში 6 000-12 000 დოლარს ქართველები ნამდვილად ვერ გადაიხდიან. შესაბამისად, მოსაზრება, რომ ეს მართლაც არაბების დასახლებად შეიძლება იქცეს, სრულიად რეალურია. ინვესტიციები ნამდვილად გვჭირდება, თუმცა გვჭირდება ქვეყნისთვის, მაგრამ თუ ქვეყნის და ხალხის ინტერესი ილახება, რა საჭიროა ასეთი ინვესტიცია?! კრწანისის ტყე-პარკის განაშენიანება ნიშნავს, რომ მივიღებთ თბილისისა და რუსთავის ფაქტობრივ გაერთიანებას. რა თქმა უნდა, არის დემოგრაფიული და რელიგიური პრობლემებიც. მოკლედ, ამ ეტაპზე გაცილებით მეტ პრობლემას ქმნის ეს პროექტი, ვიდრე სარგებლის მიღების მოლოდინს. ვფიქრობ, ის კიდევ ერთხელ უნდა გადაისინჯოს და როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, სრულად უნდა გასაჯაროვდეს”, – დასძენს ძაბირაძე.
შეუმდგარი ტერორისტული აქტი, პოლიტიკური დევნა, თუ მორიგი „საკენკი” – რატომ დააკავეს ელისაშვილი?
“გამთენიისას “ლელო ძლიერი საქართველოს” წევრი დააკავეს, აცხადებს, რომ ელისაშვილმა 29 ნოემბერს, გამთენიისას კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. მომხდარს მმართველ გუნდში ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობად აფასებენ, ოპოზიციის ნაწილის აზრით კი ელისაშვილის დაკავება მის პოლიტიკურ დევნას ემსახურება, ნაწილი კი ამ გახმაურებულ ამბავს ყურადღების გადატანისთვის გამიზნულს “საკენკს” უწოდებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. შს სამინისტროს განცხადებით ალეკო ელისაშვილს “ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ალექსანდრე ელისაშვილი მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში. სათაურით შეუმდგარი ტერორისტული აქტი, პოლიტიკური დევნა, თუ მორიგი “საკენკი” -რატომ დააკავეს ელისაშვილი?
“გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ელისაშვილს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, წერს, რომ დაზიანებები ელისაშვილმა დაკავების დროს გაწეული წინააღმდეგობის დროს მიიღო, ხოლო ერთ-ერთი მანდატური საავადმყოფოშია გადაყვანილი. ნივთმტკიცებად იარაღია ამოღებული, ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-187-ე მუხლით მიმდინარეობს. ელისაშვილის ადვოკატი, გიორგი რეხვიაშვილი, გამორიცხავს, რომ ბრალდებულს მსგავსი დანაშაული ჩაედინა, ამბობს, რომ ეს “ოცნების” სპეცოპერაციის ნაწილია და მხოლოდ პოლიტიკურ დევნას ემსახურება. მომხდარის გარშემო ოპოზიციაში ბევრი კითხვა დაგროვდა, მაგალითად, როგორ აპირებდა, ელისაშვილი რამდენიმე ბენზინით სავსე ბოთლით შენობის დაწვას, ან რაში დასჭირდებოდა ელისაშვილს ამ ნაბიჯის გაცნობიერებულად გადადგმა ოპოზიციონერების ნაწილი მომხდარს “ოცნებას” უკავშირებენ. ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ ელისაშვილის გარშემო განვითარებული პროცესი ყურადღების გადასატანად გამზინული მორიგი “საკენკია”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ხაბეს 4 ოქტომბრის და ალეკოს სასამართლოს დაწვის ამბავი ერთი და იგივე საკენკია. გიყრიან იმიტომ, რომ სერიოზულზე არაფერზე არ დაფიქრდეთ და უფიქრალად იგრძნოთ თუ ვინაა ნამდვილი ოპოზიციონერი. ის ხომ გმირია, რადგან პრეზიდენტის სასახლეში შედიოდა! ის ხომ გმირია, რადგან სასამართლოს კანცელარიას წვავდა! ამასობაში კი ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის, პოლიტიკა კვდება, კლოუნადა ზეიმობს!”-წერს “გირჩის” დამფუძნებელი . ჯერჯერობით, სხვა ოპოზიციონერებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. ”ოცნებაში” პასუხისმგებლობას ევროკავშირს აკისრებენ, მომხდარ კი შეუმდგარ ტერორისტულ აქტად მოიხსენიებენ. “გუშინ ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან მოვისმინეთ მოძალადე ჯგუფების მხარდამჭერი განცხადებები. დღეს “ალდეს” წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღირებულებებით სავსე ევროკავშირში”,-პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა”, – განაგრძობს გამოცემა.
“მომხდარს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილიც ეხმაურება. “ყველას აინტერესებს, აიღებს თუ არა ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატია პასუხისმგებლობას დღევანდელ უნიათოდ განხორციელებულ ტერორისტულ აქტზე!” – წერს სოციალურ ქსელში იონათამიშვილი. “გუშინ აქციაზე წაიკითხავდნენ თუ არ წაიკითხავდნენ ამ მანიფესტს, მნიშვნელობა არ ჰქონდა, დილით ელისაშვილი სასამართლოში მაინც შევარდებოდა. შეიძლება ეს სასოწარკვეთილების ბრალიც არის. ალბათ ეგონა, რომ გუშინ ის აქცია ხელისუფლებას გადააყენებდა, ჩავარდა სასოწარკვეთილებაში, ნახა სიზმარი და მერე ამისი ასრულება მოინდომა”, – განაცხადა “ხალხის ძალის” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა”, – დასძენს გამოცემა.
მევლუდ მელაძე – “საგზაო შემთხვევების უმრავლესობა უცოდინარობის ბრალია და საჯარიმო სანქციების გამკაცრებით, რა თქმა უნდა, ვერ აღმოვფხვრით”
“ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი კვლავაც საგანგაშოა. შს სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში დაიღუპა 345 და დაშავდა 6041 პირი. დაფიქსირებულია ავტომობილის ქვეითად მოსიარულეზე შეჯახების 1 385 ფაქტი, რის შედეგადაც 112 კაცი დაიღუპა, ხოლო 1 248 დაშავდა. მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით, მოტოციკლეტით მოძრავი 20 ახალგაზრდა დაიღუპა და დაშავდა 713 მოტოციკლის მძღოლი. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას შეეწირა ასევე ველოსიპედით მოძრავი ორი კაცი, ხოლო დაშავდა 23 ველოსიპედისტი. “მოპედის” მონაწილეობით დაფიქსირდა 34 ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც 39 პირი აღმოჩნდა დაზიანებით კლინიკებში. რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ელექტროთვითგორიების მონაწილეობით, ასეთი 66 შემთხვევაა და ყველა მათგანი დაშავდა”, – წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “ამ ტრაგედიების დასრულება თუ გვინდა, ყველაფერი ნულიდან არის დასაწყები!”
“ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზად ისევ მოხვევის მანევრის დარღვევა, შემხვედრ მოძრაობის ზოლში გადასვლა, გასწრების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, დისტანციის დაუცველობა, ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადოდ სარგებლობა და ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საგზაო წესების სხვადასხვა დარღვევაზე გაიზარდა ჯარიმები. შს სამინისტროს განმარტებით, ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით მოქალაქე იღუპება ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას. საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ მევლუდ მელაძეს მიაჩნია, რომ ამდენი ავარიის მთავარი მიზეზია მანქანის მართვის უცოდინარობა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“საგზაო შემთხვევების უმრავლესობა უცოდინარობის ბრალია და კანონის გამკაცრებით, ანუ საჯარიმო სანქციების გამკაცრებით, რა თქმა უნდა, ვერ აღმოვფხვრით. მაშინ უნდა იყოს კონკრეტულ დანაშაულზე, საგზაო დარღვევაზე პატიმრობა, თუნდაც 15-დღიანი სასჯელი. სხვა შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარი იქნება, 200, 500 თუ 10, იმდენად არ შეცვლის ვითარებას. რა საჯარიმო სანქციაც არ უნდა მოამატო, თუ მანქანის მართვისა და მოძრაობის წესების უცოდინარი ვარ, გამუდმებით დავუშვებ შეცდომებს. ჩვენთან ნულის ტოლია სწავლების სტანდარტი: უნდა იყოს 15, 20 გაკვეთილი თუ 30, ან მასწავლებელს უნდა ჰქონდეს კვალიფიკაცია თუ არა, ლიცენზია. ავტომობილის მართვას ასწავლის ისეთი ხალხი, რომელსაც შეიძლება თვითონაც არაფერი უსწავლია, უბრალოდ, ავტოსკოლის გახსნა გადაწყვიტა და მოქალაქეს ასწავლის იმდენს, რომ როგორმე გამოცდა ჩააბაროს. ამ ტრაგედიების დასრულება თუ გვინდა, ყველაფერი ნულიდან არის დასაწყები”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მევლუდ მელაძე.
“ცოდნის შეძენა უნდა იწყებოდეს საბავშვო ბაღიდან, მერე სკოლაში უნდა გაღრმავდეს. მძღოლის პატარა შეცდომაც კი სავალალოდ შეიძლება დასრულდეს. ამიტომ მანქანის მართვის მასწავლებელი სერტიფიცირებული უნდა იყოს. ჩვენ უცოდინარი მძღოლები გვყავს, არადა, როცა მართვის მოწმობას გასცემ, სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ პირი მზად არის ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვისთვის. შეგნება ცოდნით მოდის. საამისოდ უნდა იმუშაონ განათლების, ეკონომიკისა და შს სამინისტროებმა, რათა სახიფათო საგზაო მოძრაობა უსაფრთხოდ ვაქციოთ. მიუხედავად იმისა, რომ გზებზე ყველგან კამერებია, სიჩქარეების შეზღუდვაა, ტექდათვალიერება და ა.შ., ამ პრობლემის აღმოფხვრას გრძელვადიანი დაგეგმვა უნდა, მერე შესრულება და შედეგი წლების შემდეგ იქნება. ახლავე რომ დავიწყოთ მუშაობა, 15 წლის შემდეგ მივიღებთ შედეგს. აბსოლუტურად ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილეა რაიმე ფორმით: ზოგი ფეხით დადის, ზოგი ავტომობილით, ზოგი მოტოციკლით. ცოდნა სჭირდება ყველას, ვისაც ავტომობილი ჰყავს და ვისაც არა ჰყავს იმასაც. დაამატეს კამერები, გაზარდეს ჯარიმები, ერთხელ, ორჯერ, 27-ჯერ, მაგრამ მაინც არ უმჯობესდება სტატისტიკა, პირიქით, უარესდება. ამიტომ უნდა დავიწყოთ განათლება – საბავშვო ბაღიდანვე უნდა იცოდნენ ბავშვებმა, რას ნიშნავს წითელი, ყვითელი, როგორ შეიძლება გადასვლა გზაზე…” – განაგრძობს რესპონდენტი.
“ჯარიმების გაზრდა, ჩემი აზრით, უფრო ბიუჯეტის შევსებისკენ არის მიმართული. მაგალითად, პარკირებაზე ჯარიმა გააორმაგეს. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ თუ პარკინგებს შეამცირებ, ვიღაცა ვერ იპოვის სივრცეს, სადღაც გააჩერებს მანქანას და უფრო მეტი ფული შევა ბიუჯეტში… საჭირო კანონპროექტი კი დიდი ხანია პარლამენტშია. მისი არმიღების მიზეზი ძირითადად ორია: ერთი, რომ ვიღაცამ უნდა წაიკითხოს, ამხელა მასალა დაამუშაოს და გაიაზროს, რისი დეფიციტიც გვაქვს, და მეორე – რადგან მოკლევადიანი ეფექტი არ არის და ზეგ შედეგს ვერ ნახავენ, ვინც ამაზე იმუშავა, რაღაც ბენეფიტები რომ ჰქონდეს, ყველას ეზარება და არ აწყობს, მით უმეტეს, ბიუჯეტს შეიძლება ხარჯის გაწევამაც მოუწიოს, რომ ამ პროგრამაზე ვიღაცამ იმუშაოს და აამოქმედოს. შედეგიც სახეზეა, რაც ხდება ქუჩაში ხდება, ყველა ვხედავთ”, – ამბობს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და შეკითხვაზე – “ეს კატასტროფული სტატისტიკა არ არის საკმარისი, რომ ეს კანონი მიიღონ?” – პასუხობს:
“ისიც პრობლემაა, რომ იმდენად სწრაფად იცვლებიან სამინისტროებში როგორც მინისტრები, ასევე მოადგილეები, რომ ვიღაცამ ხელიც რომ მოჰკიდოს ამ საქმეს, ვერ გაიყვანს ბოლოში. მერე ვიღაც რომ მოვა, იმას მოუწევს ხელის მოკიდება და, ალბათ, ისიც ვერ მოასწრებს დასრულებას”.
“ავარიის შემდგომი სიღრმისეული კვლევები არა გვაქვს. თუ გახსოვთ, როცა ტექინსპექტირების საკითხი აქტუალური გახდა, სულ ვითხოვდი, მაჩვენეთ სტატისტიკა, რატომ არის საჭირო ტექინსპექტირება, ამ მიზეზით რამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა იყო-მეთქი. თუ არა გაქვს სტატისტიკა, მაშინ საიდან ამბობ, რომ ავარიების მიზეზი მანქანების ტექნიკური გაუმართაობაა. არ არის სტატისტიკა, კონკრეტული ავარიის დროს მსუბუქი ავტომობილი იყო, მოტოციკლეტი თუ ვინ მოყვა საგზაო შემთხვევაში და ვის რა ბრალეულობა ჰქონდა. მოპედებისა და ავტომობილების “თანაცხოვრების” პრობლემა ნამდვილად დგას და ისევ სწავლებამდე მივდივართ. როცა მართვის მოწმობაზე აბარებენ, არც ერთი პუნქტი არ არის, სადაც აქცენტები კეთდება მოტოციკლეტზე, მოპედზე. ბილეთებში არის ჩანახატი, სადაც მოტოციკლეტიც გამოჩნდება ხოლმე, მაგრამ ეს მხოლოდ ბილეთებშია, პრაქტიკულ ნაწილში მსგავსი რამ არ არის. მოტოციკლეტები და მოპედები აქამდე არ ყოფილა საგზაო მოძრაობაში ასეთი აქტიური ეს გზების გადატვირთულობამაც მოიტანა”, – განმარტავს მევლუდ მელაძე.
“პირველად, როცა წარმოადგინეს ქალაქის განვითარების სატრანსპორტო გეგმა, არც დაუშვიათ, რომ ჩვენს გზებზე მოპედები მომრავლდებოდა. მაშინ ძალიან პრიმიტიული მიდგომა იყო, ქართველი კაცი მოპედით როგორ გაივლისო. ახლა კი ავტომანქანების მძღოლებს ძალიან არ მოსწონთ, როცა მანქანებს შორის ვიღაც მოპედით ან მოტოციკლეტით აღმოჩნდება და თავისი პრივილეგიით სარგებლობს. ჩვენთან მოპედებსა და მოტოციკლეტებს არც აღიქვამენ ტრანსპორტად და სიფრთხილეც მინიმალურია საგზაო მოძრაობისას. ამას კი არაერთხელ მოჰყოლია ავარია. ჩვენდა სამწუხაროდ, ამას ეწირება ადამიანების ჯანმრთელობა და ხშირად სიცოცხლეც. რადგან მოტოციკლეტები, მოპედები უკვე ჩვენი საგზაო მოძრაობის აქტიური მონაწილენი არიან, მე მათ საგამოცდო პროგრამაში დავამატებდი. მოპედების მძღოლებიც ხშირად სცოდავენ, რაკი შეუძლიათ სწრაფად შეცვალონ კურსი ანუ გაძვრენ-გამოძვრენ. ავტომობილის მძღოლისთვის აბსოლუტურად სხვანაირია მართვის დრო, მოპედის მძღოლისთვის კი აბსოლუტურად სხვა. როცა მოპედს სპორტული რეჟიმით მართავს ვიღაც, რა თქმა უნდა, მანქანის მძღოლი რეაგირებას აგვიანებს და ხდება საგზაო შემთხვევა”, – მიიჩნევს რესპონდენტი.
“ამიტომაც ვამბობ, რომ უმთავრესია განათლება, რაშიც მოპედების მძღოლებსაც ვგულისხმობ. გაძვრა, გაატარა და მორჩა, – ასე არ არის. ყველამ სიღრმისეულად უნდა იცოდეს საგზაო უსაფრთხოების წესები. მაგალითად, ქალაქის პირობებში გამოცდა რომ შემოიღეს, იმაზე კი არ არის გათვლილი, რომ გამომცდელმა შეამოწმოს, იცის თუ არა პირმა მანქანის მართვა და იმის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება. არა, უყურებენ, სენსორმა რა დარღვევა დააფიქსირა. აი, აქ 62-ით თუ მიდიხარ, უკვე ჯარიმა გეკუთვნის, ანუ ვეღარ ჩააბარე… ეს არასწორია. ავტომობილის მართვა პროცესია, მძღოლმა თვითონ უნდა გათვალოს უსაფრთხოება. უცოდინარი მძღოლები გვყავს და ამის შედეგია ეს მძიმე სტატისტიკაც. სხვათა შორის ქვეითთა სტატისტიკაც არ არსებობს. ქვეითსაც ისევე სჭირდება ცოდნა, როგორც მძღოლებს. სტატისტიკას თუ გადახედავთ, ბევრი სწორედ ამის გამო იღუპება.

ასევე დაგაინტერესებთ

პიტერ სიიარტო – კახა კალაძემ არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა, რაც ცხადად მოწმობს, რამდენად კმაყოფილია თბილისის მოსახლეობა მისი საქმიანობით – ვთხოვ, თუ აქვს დრო, ჩვენს მერს ბუდაპეშტში ლექციები ჩაუტაროს