Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელი არვინდ რამაკრიშნანი ‘ანალიტიკა'-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ასახელებს იმ 3 მთავარ რისკს, რომელსაც გავლენიანი საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო საქართველოსთან მიმართებით დამატებით დეტალურად ადევნებს თვალყურს, თუმცა, მყისიერ რისკად არ განიხილავს და ამდენად, მიმდინარე საკრედიტო ანგარიშში ჯერ არ ასახავს.
ერთი ასეთი რისკი – გეოპოლიტიკური ვითარება და განსაკუთრებით რუსეთის ფაქტორია. ოკუპირებული ტერიტორიების და გაყინული კონფლიქტების ფონზე, Fitch Ratings-ს არ მიაჩნია, რომ სულ მცირე მოკლე ვადაში, საქართველოში მშვიდობას რეალური საფრთხე შეექმნება. „ჩვენ არ გვგონია, რომ, სულ მცირე, შარშან ამ ნაწილში რაიმე ისეთი ცვლილება მომხდარიყო, რაც საქართველოს პოლიტიკური რისკების ზრდაზე მიუთითებდა — ეს მაინც ის საკითხია, რომელსაც ჩვენ ზოგადად, მთელი ამ წლების განმავლობაში, ყურადღებით ვაკვირდებით“ – უთხრა არვინდ რამაკრიშნანმა „ანალიტიკა“–ს.
კიდევ ერთი რისკია – აშშ–ში ე.წ. MEGOBARI Act-ის დინამიკა. მყისიერ საფრთხედ Fitch Ratings-ი აშშ–ის სანქციების გავრცელებას ამ ეტაპზე იმის გამო არ განიხილავს, რომ „წარმომადგენელთა პალატაში დიდი უმრავლესობით გასული ინიციატივა, ახლა სენატშია გაჭედილი. თუ ის საბოლოოდ მიიღეს და პრეზიდენტმაც არ დაადო ვეტო, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას საქართველოს პოლიტიკური ლიდერშიფისთვის? ეს კვლავ წარმოადგენს რისკს. ამ ანგარიშზე მუშაობის დროს, ჩვენი შეფასების ამ მომენტში, მეგობარი აქტი არ ჩავთვალეთ მყისიერ საფრთხედ, თუმცა, მაინც ერთ-ერთ ფაქტორად რჩება, რომელსაც პოტენციური გავლენის გამო მონიტორინგს ვუწევთ“ – განმარტა არვინდ რამაკრიშნანმა ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მესამე რისკი – საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას და მის სტაბილურად გაძლიერებას უკავშირდება. ამ ნაწილში, Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელი გვიხსნის, რომ ბოლო 2–3 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში შუა დერეფნის გააქტიურებას მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა. „დღეს უკვე გაჩნდა ახალი სატრანზიტო დერეფნის — TRIPP — შესაძლებლობა. ეს დერეფანი აზერბაიჯანზე, სომხეთზე, თურქეთზე გადის და შესაძლოა საქართველოს სატრანზიტო გადაზიდვებში გარკვეულ წილს შეეჭიდოს. ახლა ამის ზუსტი შეფასება ძალიან ადრეა, ამიტომ კონკრეტული პოზიცია არ გვაქვს, თუმცა ესეც ერთ-ერთი რისკია, რომელსაც მომავალშიც დავაკვირდებით“ – უთხრა არვინდ რამაკრიშნანმა „ანალიტიკა“–ს.
Fitch Ratings-ის უახლესი ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი BB დონეზე დარჩა, პერსპექტივა კი ნეგატიურიდან სტაბილურ ნიშნულს დაუბრუნდა.
bm.ge




