რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინას ძლიერი შეიარაღებული ძალები და უსაფრთხოების გარანტიები დასჭირდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
„უკრაინას ძლიერი შეიარაღებული ძალები სჭირდება და თუ სამშვიდობო შეთანხმება მიღწეული იქნება, უკრაინას კვლავ დასჭირდება ძლიერი შეიარაღებული ძალები და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები პარტნიორებისგან“, – განაცხადა მერცმა ესტონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია კარგად აღჭურვილი უკრაინული არმიაა.
„სწორედ ამიტომ ვმსჯელობთ უკრაინის არმიის სამომავლო სამიზნე ზომაზეც“, – განაცხადა მერცმა.
მისივე თქმით, უკრაინა არ უნდა აიძულონ ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს და რომ ნებისმიერი მოლაპარაკების საწყისი წერტილი ფრონტის ხაზი უნდა იყოს.




