ზურაბ ცეცხლაძე – ხვალ პროტესტის აღზევების ახალი ტალღა დაიწყება, იქნება აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია

პროტესტი არ იღლება, დროდადრო რაღაც ფორმით ისვენებს, თუმცა არსად არ გამქრალა, ხვალ აღზევების ახალი ტალღა დაიწყება, – ამის შესახებ მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
ზურაბ ცეცხლაძის თქმით, 28 ნოემბრის ხალხმრავლობა იქნება სიგნალი ევროპისადმი და დასავლეთისადმი, რომ პროტესტი ძალშია და დუღს.
„ხვალინდელი აქცია უმნიშვნელოვანესია. ჩვენ საზოგადოებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, რომ პროტესტის ის განცდა და მუხტი, რაც იყო, არსად გამქრალა. ხვალინდელი დღე არის საჩვენებლად, იმისთვის, რომ საზოგადოებამ, რომელიც ერთი წლის წინ აპროტესტებდა, მოიყაროს თავი რუსთაველის პროსპექტზე. ერთი წლის წინ ქვეყანა თვითმარქვია პრემიერის განცხადებაზე აჯანყდა ახლა ევროპა გვეუბნება, რომ ფაილი დახურულია, მაგრამ ნახეთ მათი პროპაგანდა როგორია,სულ ამბობენ, რომ 2030 წელს ევროკავშირში შევლენ და ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის. აბა მოვიდნენ, გაბედონ და თქვან, „ევროპამ ფაილი დახურა? კი ბატონო, ჩვენც უარს ვაცხადებთ, აღარ შევდივართ. ვაცხადებთ ნეიტრალიტეტს“. იციან, რომ ეს თემა იმდენად სენსიტიურია, რომ მათი მომხრეების დიდ უმრავლესობას დაკარგავენ და მაშინვე მიხვდებიან, რომ ამ ქვეყანას რუსეთში ვერ წაიყვანენ. ამ წითელ ხაზს იცავენ და ამის გამოა, რომ ვერაფერს ამბობენ ევროკავშირთან დაკავშირებით. თუ იტყვიან, მიიღებენ იმ აჯანყებას და იმაზე უფრო დიდ აჯანყებას, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო. ამას ჩვენ აუცილებლად ვაჩვენებთ ხვალ.
მთელს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ აბსოლუტურად მშვიდობიანი აქციაა, არავის საფრთხე არ ემუქრება, ვისაც ოდნავ მაინც გულის სიღრმეში პროტესტი გაქვთ, უნდა მოხვიდეთ. ამ ქვეყანაში უამრავ ადამიანს გაურთულეს ცხოვრება, ემიგრანტებს გაურთულეს ცხოვრება, აქ დარჩენილ მათ ოჯახის წევრებს გაურთულეს ცხოვრება, ნარკოტიკებზე შემოწმებები გააქტიურდა, საზოგადოების კისერში ხელი აქვთ ჩაწვდენილი და ახრჩობენ. ნუ გეშინიათ ნურავის, გამოდით, დადექით ქუჩაში და თქვენი პროტესტი თქვით. არავის საფრთხე არ ემუქრება. ხვალინდელი ხალხმრავლობა იქნება სიგნალი ევროპისადმი და დასავლეთისადმი, რომ პროტესტი ძალშია, პროტესტი დუღს და პროტესტი საჭირო მომენტში აუცილებლად მიიღებს პიკურ მდგომარეობას და მაშინ დადგება მომენტი ამ ქვეყანაში ცვლილებების მოტანის“, – განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.