გერმანიიდან საქართველოში დავბრუნდი 16 წლის მერე. ვიცოდი, რა საფრთხეებიც არსებობს ამ ქვეყანაში, მაგრამ მე, ნანა სანდერს არავისი მეშინია, არც გდდ-ს, არც “ტიტუშკების”, არც პასუხისმგებლობას გავურბივარ და არც მიმალვას ვაპირებ, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ნანა სანდერმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიიდან საქართველოში 16-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნდა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო.
“მიმალვა, დამალვა არ არის ჩემი სტილი. 20 წლიდან ვცხოვრობ გერმანიაში და გერმანიიდან ვიბრძვი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ვინარჩუნებ საქართველოს მოქალაქეობას იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. რადგანაც ვარ ოპოზიციურად განწყობილი, „ტროლებიდან“ გერმანიაში მქონდა მუქარები, რომ “შენ დაგიჭერენ” და ა.შ. ასე რომც ყოფილიყო, ანუ ჩემი დაჭერა რეალური, მაინც ჩამოვიდოდი, რადგან მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მე ჩემი ქვეყნიდან დასამალი არაფერი მჭირს. 16 წლის შემდეგ ჩამოვედი საქართველოში და პირველად, ოჯახის წევრებს შევხვდი ციხეში. მე გერმანიის მოქალაქეობა არ ამიღია, არ წავალ გერმანიაში. ჩამოვედი იმიტომ რომ ვთქვი – ახლა უჭირს ჩემ ქვეყანას-მეთქი. მე არ ჩამოვსულვარ საცხოვრებლად, მე ჩამოვედი იმიტომ, რომ უჭირს ჩემ ქვეყანას და ამიტომ დავბრუნდი 16 წლის მერე. ვიცოდი, რა საფრთხეებიც არსებობს ამ ქვეყანაში, მაგრამ მე, ნანა სანდერს არავისი მეშინია არც გდდ-ების, არც “ტიტუშკების”, არც პასუხისმგებლობას გავურბივარ და არც მიმალვას ვაპირებ”, – განაცხადა ნანა სანდერმა.
ცნობისთვის, ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.




