თბილისის “დინამოს” და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში, კერძოდ, “უნივერსიტატ კრაიოვაში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Fanatik.ro ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 22 წლის ფეხბურთელი უკვე რუმინეთში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და “კრაოვასთან” 4.5-წლიან კონტრაქტსაც გააფორმებს.
გამოცემის ინფორმაციით, მექვაბიშვილის ტრანსფერში თბილისის “დინამო” 750 000 ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ თბილისური კლუბი ფეხბურთელის სამომავლო ტრანსფერიდან 20%-საც მიიღებს.
შეგახსენებთ, მექვაბიშვილი “დინამოს” აღზრდილია. ანზორს საქართველოს ეროვნულ გუნდში 13 მატჩი აქვს ჩატარებული. “კრაიოვა” რუმინეთის ჩემპიონატში 34 ქულით მესამე ადგილს იკავებს.