მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვიზისთვის მივმართავთ ევროკავშირის შესაბამისი ქვეყნის საელჩოებს, როდესაც კონკრეტული შეხვედრებისთვის მივემგზავრებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში

მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის ეთერში თქვა, რომ “ვიზისთვის მიმართავენ ევროკავშირის შესაბამისი ქვეყნის საელჩოებს, როდესაც კონკრეტული შეხვედრებისთვის მიემგზავრებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში”. მისივე თქმით, თუ ევროკავშირი საქართველოს უვიზო მიმოსვლას შეუჩერებს, “ეს იქნება უდიდესი სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის მხრიდან”.

“არ ვიცი, რაც ჰქონდა ევროკავშირს ხელში, მიზნობრივ ჯგუფებს თუ შევხედავთ, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ამოქმედებულია ასეთი რეჟიმი. ჩვენ ვიზისთვის მივმართავთ ევროკავშირის შესაბამისი ქვეყნის საელჩოებს, როდესაც კონკრეტული შეხვედრებისთვის მივემგზავრებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში; რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ იმ ქვეყნის ვიზას და ეს დიდ პრობლემას არ უქმნის საქართველოს მოსახლეობას. არ მგონია, ეს იყოს ის, რა მიზნითაც კეთდება მსგავსი შანტაჟის განცხადებები. ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის ის, რაც იმ მიზანს ემსახურება, რაც რეალურად იმ ადამიანებს აქვთ, რომლებიც ასე მონდომებით საუბრობენ ხოლმე უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე. ჩვენ ძირითადად ეს გვესმის აქ ოპოზიციის წარმომადგენლებისგან, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებისგან და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, რომლებიც არიან სატელიტები და რაღაც კოორდინირებულად მოქმედებენ. თან გვესმის ხოლმე გულზე მჯიღის ცემით, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველოს მოქალაქეებს არ შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირშიო. არა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჰქონოდათ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში და ყველაფერს აკეთებს, რომ მათ ამ რეჟიმით ისარგებლონ”, — განაცხადა ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის ეთერში.

წყარო