ვიკა ფილფანი – ერთი წლის განმავლობაში ვერ დავინახეთ მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ მას დასავლურ სამყაროსთან რეალური დიალოგი სურდა – რასაც ამბობენ, იმის საპირისპიროდ იქცევიან

ერთი წლის განმავლობაში ვერ დავინახეთ ვერც ერთი მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ მას დასავლურ სამყაროსთან რეალური დიალოგი სურდა – ამის მაგალითები არ არის, რასაც ამბობენ, იმის საპირისპიროდ იქცევიან, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ელჩის განცხადება ძალიან სამწუხაროა, თუმცა „ქართული ოცნების“ ქმედებებიდან გამომდინარე, ეს შედეგი მოსალოდნელი იყო.
„[პეტერ ფიშერის] ძალიან სამწუხარო განცხადებაა. ძალიან ცუდი შედეგია, რომელიც შეიძლება დაუდგეს ჩვენს ქვეყანას, რაც პრინციპში, მოსალოდნელი იყო ყველა იმ ქმედების შემდეგ, რასაც „ქართული ოცნება“ 2021 წლის შემდეგ ახორციელებს და უკვე გაცხადებულად. ზუსტად ერთი წლის წინ, 28 ნოემბერს, ბატონმა მ თავად განუცხადა ამ ქვეყნის მოქალაქეებს თავიანთი მთავრობის გადაწყვეტილება, რომ მათ შეაჩერეს ევროინტეგრაციის გზა. ერთი წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ისეთი კანონები, როლებიც ფუნდამენტურ წინააღმდეგობაში მოდის ასოცირების ხელშეკრულებასთან, რომელიც ფუნდამენტურად არღვევს ადამიანის უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას. ქვეყანასა და გაერთიანებას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება საერთო შეთანხმებებს და ეს საერთო შეთანხმება თუ ირღვევა ერთი მხრიდან, მერე დგება ლოგიკური შედეგი. რამდენიც არ უნდა აბრალოს „ქართულმა ოცნებამ“ ამ თავის დასავლურ რიტორიკაში, რომ ისინი რაღაცებს გვაძალებენ, ასე ხომ არ არის? ეს ხომ შეთანხმების ნაწილი იყო თავიდანვე. არსებობს რაღაც სტანდარტი ორგანიზაციებს შორის, სახელმწიფოებს შორის, რომელზეც უნდა შეთანხმდეს ეს ორი მხარე. როდესაც ერთი მხარე ამას დაარღვევს, შეთანხმება აღარ გამოდის. ერთი წელია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ლანძღავენ და თავს ესხმიან ევროკავშირის წარმომადგენლებს და არ ასრულებენ არც ერთ ნაკისრ ვალდებულებას. ძალიან ცხადად ამბობენ ევროკავშირის წარმომადგენლები, რომ ჩვენ მზად ვართ მივიღოთ საქართველო გაერთიანებაში, თუ შესრულება ეს და ეს მოთხოვნები. რა არის ეს მოთოხნები?! ის, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არ დაირღვეს, ის, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდა, ეს ხომ შეუძლებელი გახდება? რაც შეეხება დიალოგს – ერთი წლის განმავლობაში, ვერ დავინახეთ ვერც ერთი მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ მას დასავლურ სამყაროსთან რეალური დიალოგი სურდა. ამის მაგალითები არ არის. თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დიალოგი სურდა, ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ დიალოგი დაეწყო. კანონს კანონზე რომ იღებდა, რომელიც წინააღმდეგობის მოდის ასოცირების ხელშეკრულებასთან, პირიქით უნდა მოქცეულიყო. რასაც ამბობენ, იმის საპირისპიროდ იქცევიან. ქმედება უნდა ახლდეს იმ განცხადებებს, რასაც აკეთებენ,“ – განაცხადა ფილფანმა.
ცნობისთვის, პეტერ ფიშერმა „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან გაფართოებაზე აღარ მუშაობს. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ევროპული საბჭო ამას დეკემბერში დაადასტურებს. „გერმანია საქართველოსთან მიმართებაში გაფართოებაზე აღარ მუშაობს, ევროკავშირში ამაზე აღარავინ მუშაობს – დიდი ალბათობით, დეკემბერში, ევროპული საბჭო, ამას დაადასტურებს და საკითხი ქართული მხარის ქმედებების გამო დაიხურება,“ – განაცხადა ელჩმა.