ტიკტოკერი Mr. Zura პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში დაიბარეს

ინფორმაცია, რომელიც კენჭიაშვილმა თავად გაავრცელა ტიკტოკზე, რადიო თავისუფლებას უწყების პრესცენტრში დაუდასტურეს.
„შემოსულია მოქალაქეების მხრიდან განცხადებები და დაბარებულია ახნა-განმარტებისთვის. სამსახური იწყებს შემოწმებას“, – განუცხადეს რადიო თავისუფლებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში.
ზურაბ კენჭიაშვილი დღეს საღამოს იყო დაბარებული და, როგორც განმარტავდა, მოუწევდა ტიკტოკ-ანგარიშზე განთავსებულ ვიდეოებთან დაკავშირებით „კითხვებზე პასუხების გაცემა“.
„კარგია, რომ ყველანაირი ინფორმაცია შენახული გვაქვს ტიკტოკში ჩვენი მოქმედებები და აქედან გამომდინარე, ჩვენ თავისუფლად მივალთ და გავცემთ პასუხს კითხვებზე“, – ამბობს ის წინა დღით გავრცელებულ ვიდეოში.
ვიდეოს იგი ასრულებს თავისი თითქმის საკულტო შეძახილით: „ეს კარგია, კარგია, კარგიააა!“
კენჭიაშვილი, – ყოფილი პოლიციელი, რომელიც ბოლო წლებში ტიკტოკზე პოპულარული კომიკური ვიდეოების გამო გახდა, – ბოლო რამდენიმე თვეა, სხვადასხვა სკოლასთან მიდის, – როგორც თავად ამბობს და ვიდეოებიდანაც ჩანს, – მოსწავლეებისვე თხოვნით.
ამ ვიდეოებში იდენტიფიცირებადი არიან როგორც მოსწავლეები, ისე სკოლები, სადაც ისინი სწავლობენ.
ვიდეოებში ჩანს, რომ მას სხვადასხვა სკოლის ადმინისტრაციის თუ დაცვის თანამშრომლებთან პრობლემები ექმნება.
ამის მიუხედავად, იგი აგრძელებს სკოლებთან სიარულს და ვიდეოების გადაღებას.
კენჭიაშვილს არაერთხელ მოუწოდეს როგორც სკოლების წარმომადგენლებმა, ისე მშობლებმა (და ეს ინტერაქციებიც ჩანს მის მრავალ ვიდეოში), რომ მშობლების ნებართვის გარეშე არ გადაიღოს არასრულწლოვანები.
პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ 2 ნოემბერს გამოაქვეყნა კენჭიაშვილზე სიუჟეტი, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლიციამ ზურაბ კენჭიაშვილი, – რომელსაც ბავშვები „ზურა ბიძიას“ ეძახიან, – „უკვე გამოჰკითხა და გააფრთხილა“ და „მოკვლევა დაწყებულია“.