მურთაზ ზოდელავა – ჩვენი მაცხონებელი არ დარჩა, ჩვენი დაკავებიდან ნახევარი ოპოზიცია ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა – მზად ვარ, ყველა მუხლის აღიარებაზე, ოღონდ ეს ათეულობით ადამიანი, ვიღაცამ რომ ღობეს ხელი მოკიდა, გაუშვით

ჩვენი მაცხონებელი არ დარჩა ამ ქვეყანაში, ჩვენი დაკავებიდან ნახევარი ოპოზიცია ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა… მზად ვარ, ყველა მუხლის აღიარებაზე, ოღონდ ეს ათეულობით ადამიანი, ვიღაცამ რომ ღობეს ხელი მოკიდა, [გაუშვით], – ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა მურთაზ ზოდელავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან მოსამართლესა და პროკურატურას განუმარტა, რომ მზად არის, ყველაფერი თავის თავზე აიღოს, სანაცვლოდ კი, აქციის მონაწილეები გაუშვან.
„ჩემგან განსხვავებით ეს ადამიანები აქციის მონაწილეები არიან, ნუ განიხილავთ ჩემთან ერთად. მუხლებით დახუნძლული ვარ, ხაბეიშვილთან ერთად კიდევ ერთი ოთხი მუხლი მაქვს, მზად ვარ, ყველა მუხლის აღიარებაზე, ოღონდ ეს ათეულობით ადამიანი, ვიღაცამ რომ ღობეს ხელი მოკიდა, [გაუშვით]. ყველაფერი შემიძლია ავიღო, თუ ამ ადამიანებზე რაღაც შეღავათი გატარდება, თუ ასე ჩათვლის პროკურატურა ან სასამართლო. მართლა მიზანი ხომ არ არის საზოგადოება გავხლიჩოთ, ამათ უკან 60 გაუბედურებული ოჯახი დგას. აგერ ვარ, რაში სჭირდებათ ამდენი ათეულობით ადამიანი, ამდენი რესურსი უნდა დაიხარჯოს. ამხელა მასაა პროპაგანდის, კი ბატონო, „გამაშავეთ“, მაგრამ 60 ადამიანი ზის მეორე ვაგონში, ეს მხოლოდ მათი ტანჯვა არაა, მათი ოჯახებისაცაა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრები, პენსიონერი მშობლები ჰყავთ, დიდი ტრაგედიაა სინამდვილეში. ამ სამ ადამიანს [ბრალდებულები] საერთოდ არ ვიცნობ, არაჩვეულებრივი ადამიანები ყოფილან, ახლა გავიცანი, გირაოს ეტაპზე იქნებ სხვა თვალით შეხედოთ, საქართველოა. ჩვენი მაცხონებელი არ დარჩა ამ ქვეყანაში, ჩვენი დაკავებიდან ნახევარი ოპოზიცია ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა..
4 ოქტომბრის ხალხისთვის არავინ არსებობს, „ენჯეოები“ არ არსებობს, არც აღმოსავლეთი, არც დასავლეთი, ამ ადამიანებს მიეცით ამოსუნთქვის საშუალება…
იმ 60 ადამიანსაც არ ჰყავს არავინ მომკითხავი, დიდი შიშია, ნათესავი, ან ოჯახის წევრი თუ მოვა. ეს ჩემი შინაგანი გულწრფელი პოზიციაა”,- განაცხადა ზოდელავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის საელჩო – ალან პერსელი ლაშა ხუციშვილს შეხვდა, რათა განეხილა, ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და როგორ შეუძლია საქართველოს მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს”