“ყველაფერი შემიძლია მე ავიღო, რაში გჭირდებათ ამდენი პატიმარი” – ზოდელავა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა წინასასამართლო პროცესი იმართება. მურთაზ ზოდელავამ, რომელსაც ბრალი სამი, მათ შორის ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის მუხლით აქვს წარდგენილი, განაცხადა, რომ ყველაფერს თავის თავზე აიღებს, სხვა დაკავებულებს გაათავისუფლებენ.
“ეს ადამიანები, ჩემგან განსხვავებით, აქციის უბრალო მონაწილეები არიან. სამი მუხლი მაქვს ამ საქმეში, კიდევ ხაბეიშვილთან სხვა მუხლები. ჩემთან ერთად ნუ განიხილავთ ამ ადამიანებს. ყველაფერი შემიძლია მე ავიღო, თუ ამ ადამიანებს რამე შეღავათი ექნებათ. თვითმიზანი ხომ არაა ეს პატიმრობა… 60 გაუბედურებული ოჯახი დგას ამათ უკან. რაში გჭირდებათ ამდენი პატიმარი?! მე გამაშავეთ, შეგუებული ვარ და გადახარშული მაქვს. მაგრამ ეს 60 ადამიანი იტანჯება, მათთან ერთად მათი ოჯახები, მოხუცები, არასრულწლოვანები. აღარ წავალ პოლიტიკაში. შესრულებული გაქვთ ყველა ამოცანა. პროპაგანდის მიზნები შესრულებულია. არც ვიცნობ ამ ადამიანებს, ახლა გავიცანი, არაჩვეულებრივი ადამიანები ყოფილან. სხვა თვალით შეხედეთ, ესენიც ქართველები არიან. რაღაც გონიერება არსებობს ყველა ვითარებაში. შესრულებული აქვს ხელისუფლებას თავისი ამოცანა. ჩვენი მაცხონებელი აღარ დარჩა ამ ქვეყანაში, ყველა, ოპოზიციის წარმომადგენლებიც კი ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდნენ და მოგვაყოლეს ეს ადამიანები. 4 ოქტომბრის პატიმრებისთვის არავინ არსებობს, არც ენჯეო, არც დასავლეთი და არც აღმოსავლეთი. მიეცით ამოსუნთქვის საშუალება ამ უბრალო ადამიანებს. სხვა თვალით შეხედეთ, ჩვენ ნუ გვიგულშემატკივრებთ”, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ სხდომაზე.
4 ოქტომბრის საქმეზე სულ 64 ადამიანია დაკავებული. მათი საქმეები 5 ნაწილადაა დაყოფილი.
მათ ნაწილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, ნაწილს – ამ ძალადობის ორგანიზებას, ზოგიერთს – სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირებას. დაკავებულთა ნაწილს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი.
მურთაზ ზოდელავას პროკურატურა სამი სხვადასხვა დანაშაულის ჩადენას ედავება:
· სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად (19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტი)
· ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა (225-ე მუხლის პირველი ნაწილი);
· მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ (317-ე მუხლი).
ამავე თემაზე:
· “ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს” – მურთაზ ზოდელავას ბოლო კომენტარი დაკავებამდე