თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულთა ათი პირის პროცესი მიმდინარეობს, ბრალდებულების: თორნიკე მჭედლიშვილის და გური ჟვანიას ადვოკატებმა სასამართლოს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართეს – გური ჟვანის შემთხვევაში 3 000 ლარის, ხოლო თორნიკე მჭედლიშვილის შემთხვევაში 5 000 ლარის ოდენობით.
თორნიკე მჭედლიშვილის ადვოკატის, თენგიზ ხარებავას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს, შესაბამისად არ არსებობს მისი მიმალვის, მტკიცებულების განადგურების ან მოწმეზე ზემოქმედების საფრთხეები.
„ის იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, როცა პოლიციამ დააკავა. თორნიკე მჭედლიშვილი ნასამართლევი არ არის, დასაქმებულია. აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მისი ოჯახური პირობები მძიმეა, იმის გათვალისწინებით, რომ მას ჰყავს ასაკოვანი პაპა და ბებია და მათ თორნიკე ინახავდა. ახლა ისინი მარტონი არიან და მათი სიცოცხლე საფრთხეშია. ყველა ადგილას, სადაც თორნიკე იყო დასაქმებული მას დადებითად ახასიათებენ. თორნიკეს წინააღმდეგ საქმეში არ არსებობს არცერთი მოწმის ჩვენება. კადრებში ჩანს ცუდად გამხდარი პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ჰქონდა დაზიანება. თორნიკე მჭედლიშვილის დახმარებით პოლიციელი გაყვანილი იქნა პრეზიდენტის რეზიდენციიდან, თორნიკემ აქტიური მონაწილეობა მიიღო მისი სიცოცხლის გადასარჩენად. მან დღევანდელ პროცესზე თქვა, რომ შეყვარებული დანიშნა და ფიქრობს ოჯახის შექმნაზე. ვფიქრობ გასათვალისწინებელია ჩემ მიერ დასახელებული და აღკვეთის ღონისძიების სახით გთავაზობთ გირაოს 5 000 ლარის ოდენობით. ეს თანხა დიდია ამ ოჯახისთვის, რადგან თვეში 400-500 ლარს იღებს ხელფასის სახით. თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს, მაშინ გირაოს გაზრდის ნაწილს სასამართლოს მივანდობთ”, – განაცხადა თენგიზ ხარებავამ.
რაც შეეხება გური ჟვანიას ადვოკატების პოზიციას, მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოცემულობა არ არსებობს. მათი თქმით, გური ჟვანია თავს დამნაშავედ არ თვლის, არ არსებობს მისი მხრიდან მიმალვის საფრთხე. დაცვის მხარემ სასამართლოს 3 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




