ჩვენ გვაქვს ლოგიკური მოლოდინი, რომ ქართველი მყიდველების პროცენტული მაჩვენებელი Eagle hills-ის პროექტში იქნება იგივე, რაც სტანდარტულად გვაქვს სხვა პროექტების შემთხვევაში -ვფიქრობ, რომ ეს მაჩვენებელი 80%-თან იქნება ახლოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების მოლოდინი განსხვავებულია Eagle hills-ის დამფუძნებლის მოლოდინისგან, რომელიც ვარაუდობს ბინების დაახლოებით 60%-ის გაყიდვას საერთაშორისო კლიენტებზე.
„დაახლოებით 16 000 ბინა ცალკე აშენდება ორივე ტერიტორიაზე. Eagle hills-ის დამფუძნებელმა, ბატონმა ალაბარმა განაცხადა, რომ ის ვარაუდობს დაახლოებით 60%-ის გაყიდვას საერთაშორისო კლიენტებზე. ეს განცხადება ეფუძნება ამ კომპანიის პრაქტიკას და იმას, რომ ამ კომპანიას კარგად აქვს აწყობილი მარკეტინგული ქსელი მსოფლიოს მასშტაბით. მან წარმოაჩინა ეს, როგორც დამატებითი ეკონომიკური ეფექტი – რაც მეტია უცხოელი მყიდველი, მით მეტია ეკონომიკაში შენატანი გარედან. თუმცა, ჩვენი მოლოდინი ცოტა განსხვავებულია. საქართველოში დღეს არის ასეთი სტატისტიკა – როცა შენდება ბინები, დაახლოებით 80%-ს ყიდულობენ საქართველოს მოქალაქეები და 20%-ს ყიდულობენ უცხოეთის მოქალაქეები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროექტის მაჩვენებელიც იქნება დაახლოებით იგივე, ახლოს 80%-იან მაჩვენებელთან. ეს არის ჩვენი ზოგადი, ლოგიკური დასკვნა. აქაც, ოპონენტები სპეკულირებენ და ამბობენ, რომ ბინის ფასი იქნება ძალიან მაღალი და შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს არ ექნებათ ამ პროექტში ბინების შეძენის შესაძლებლობა და ერთიდაიგივე ციფრებს ატრიალებენ. აქედანაც ჩანს, რომ ეს არის კოორდინირებული ეს კამპანია. აცხადებენ, რომ 12 000 ეღირება ბინა ამ ტერიტორიებზე, გონიოში და კრწანისში, რაც არაფერს არ ეფუძნება. მოიფიქრეს 12 000 დოლარი და კოორდინირებულად ერთიდაიგივეს ლაპარაკობენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები – ერთიდაიგივეს ამბობს „ლელო“, „ალტ ინფო“, „ნაცმოძრაობა“ და ყველა ეს პარტია. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ მათემატიკა არ არის ამ ადამიანების ძლიერი მხარე. არც ჰუმანიტარულ საგნებში არ არიან ძლიერები, თუმცა, როგორც ჩანს, მათემატიკაში სისუსტე აღენიშნებათ. მარტივად რომ დავთვალოთ, 16 000 ბინა, საშუალოდ რომ ავიღოთ 100 კვადრატული მეტრი, გამოდის 1 600 000 კვადრატული მეტრი გასაყიდი ფართი. ეს ყველაფერი 12 000 დოლარად რომ გაყიდოს კომპანიამ, გამოდის, რომ მარტო ბინების ნაწილში კომპანიის შემოსავალი უნდა იყოს 19,2 მილიარდი დოლარი. საუბარია კოლოსალურ მოგებაზე. ამ შემთხვევაში სახელწიფოს მოგების სახით შემოუვა არა ორი მილიარდი ლარი პროექტიდან, არამედ, დაახლოებით 4 მლრდ დოლარი. რა მასშტაბით არიან აცდენილი მათემატიკაში სინამდვილესთან, ჩვენი ოპონენტები, „ლელოდან“ დაწყებული, „ალტ ინფოთი“ დამთავრებული და „ნაცმოძრაობით“ გაგრძელებული, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ. ბინის ფასი იქნება ბევრად ნაკლები. მე არ მინდა, კონკრეტული ციფრები დავასახელო, რომ კომერციულ კომპეტენციებში არ ჩავეჭრა კომპანია Eagle hills-ს, თუმცა თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რომ რამდენჯერმე ნაკლები იქნება ბინის ფასი დასახელებულ ფასთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ლოგიკური მოლოდინი, რომ ქართველი მყიდველების პროცენტული მაჩვენებელი ამ პროექტში იქნება იგივე, რაც სტანდარტულად გვაქვს სხვა პროექტების შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ 80%-თან იქნება ახლოს ეს მაჩვენებელი. დაველოდოთ გაყიდვების სტატისტიკას“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა განმარტა, თუ რა არის უშუალოდ ქვეყნის პირდაპირი და ირიბი სარგებელი Eagle Hills-ის პროექტიდან.
„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ აშენდება, დაახლოებით, 16 000 ბინა, საერთო ფართი იქნება, დაახლოებით, 1.6 მლნ კვ.მ. უშუალოდ საბინაო სივრცე, აქედან, დაახლოებით, 7 000 ბინა, სახლი აშენდება თბილისში და 9 000 გონიოს ტერიტორიაზე. ასევე, აშენდება სასტუმროები 1 400-ზე მეტი სასტუმრო ნომრით და დაახლოებით, 700 მლნ დოლარი დაიხარჯება ამ ნაწილში. თქვენც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა ტურისტული ეფექტი ექნება ტურიზმის განვითარებისთვის ამხელა ინვესტიციას, უშუალოდ სასტუმროების მიმართულებით.
მთლიანი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე იქნება, დაახლოებით, 11 მლრდ ლარი, რაც არის ძალიან დიდი მაჩვენებელი. მინდა შეგახსენოთ, რომ წელს, პირველად ისტორიაში, გადაცდება ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი, ჩვენი ეკონომიკა 100 მლრდ ლარს. წარმოიდგინეთ, რომ დაახლოებით ამის 10%-ზეა საუბარი, რასაც მარტო ერთი კონკრეტული საინვესტიციო პროექტი მოუტანს საქართველოს. საუბარია კოლოსალურ ეკონომიკურ მოგებაზე, რომელსაც ამ პროექტიდან მიიღებს ჩვენი სახელმწიფო“, – განაცხადა პრემიერმა.




