“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მორიგ ჯერზე ესხმის თავს ქართულ ონლაინ მედიას და ადანაშაულებს მათ ქსენოფობიაში, Eagle Hills-ის ინვესტიციის მიმართ არსებული კრიტიკის ტირაჟირებისთვის და სისხლის სამართლის დანაშაულში – პროსამთავრობო “იმედის” სიუჟეტის კვალდაკვალ.
“იმედის” მსგავსად თავისი ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არც პაპუაშვილს წარმოუდგენია.
“დიდი აფერაა, რომ ესენი მედიასაშუალებები არიან. ესენი არიან ენჯეოები, რომლებსაც აქვთ ვებგვერდი და ამ ვებგვერდზე აქვეყნებენ რაღაცებს. თავისი ფილოსოფიით, მოწყობით, სტანდარტით არიან ვებ-გვერდიანი ენჯეოები. არანაირი ჟურნალისტური სტანდარტი მათთვის არ არსებობს. რით განასხვავებთ თქვენ მაგალითად “პუბლიკას” საერთაშორისო გამჭვირვალობისგან. ეს არის მიკროფონიანი საერთაშორისო გამჭვირვალობა”, – განაცხადა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერში გულისხმობს რადიო თავისუფლებასაც, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.
“რაც შეეხება სხვადასხვა სქემებს. არის მცდელობა გვერდი აუარონ საქართველოს კანონმდებლობას. ესტონეთში უნდა ჩარიცხონ ფული, ჩემოდნებით უნდა ატარონ აქ, კრიპტოვალუტებით უნდა რიცხონ სხვადასხვა ქვეყნებით… კრიმინალური ენერგია არის ჩადებული. მიდიან სისხლის სამართლის დანაშაულზე, მათ შორის კანონის დარღვევაზე, გადასახადების დამალვაზე, სხვა სახის დანაშაულებზე.
დონორები უბიძგებენ აქ ორგანიზაციებს რომ დაარღვიონ კანონი. გამჭვირვალობის კანონზე უკვე ვიცით, რომ დონორების კარნახით არ დარეგისტრირდნენ. მეორე – იგონებენ სქემებს როგორ აუარონ გვერდი კანონმდებლობას. მათ შორის ამ სქემის ნაწილია სისხლის სამართლის შეზღუდვების დარღვევა, როდესაც ფული არადეკლარირებულად მოძრაობს. ვისი კომპეტენციაც არის ის აკვირდება ამ ქმედებებს, სადაც ნახავს დანაშაულის ნიშნებს, იქ იქნება შესაბამისი რეაგირება”, – აცხადებს პაპუაშვილი.
22 ონლაინ მედია პროპაგანდისტული, სამთავრობო ტელეარხ “იმედს” 23 ნოემბერს, ტელეკომპანიის ეთერში გასულ დეზინფორმაციულ სიუჟეტის გამო თვითრეგულირებაში უჩივის და გავრცელებული სიცრუის უარყოფას მოითხოვს.
“თავისუფალი და პროფესიული სტანდარტების დამცველი ჟურნალისტებისთვის საქართველოს პოლიტიკური გარემო არასდროს ყოფილა შემწყნარებელი, მაგრამ ის, რასაც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნება“ და მასთან შერწყმული პროპაგანდის მანქანები ახორციელებენ, ყოველგვარ კანონიერ და ეთიკურ ზღვარს სცდება.
ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებები აქამდეც არაერთხელ მოგვისმენია – დამოუკიდებელი ონლაინმედიების ერთობა კიდევ ერთხელ გახდა ხელისუფლების სამიზნე.
პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალება „იმედი“ თავისუფალი ონლაინმედიის წარმომადგენლებს „აგენტებად“ და „ანტიქართულ“ გამოცემებად აცხადებს.
აბსურდული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, შეთხზული ამბებისა და ტყუილების კასკადით იგი თავს ესხმის გამოცემებს, რომელთა პროფესიონალიზმი, მაღალი სანდოობა და რეპუტაცია არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ.
ხელისუფლებას აწუხებს საზოგადოებრივი მნიშვნელობის თემებზე დასმული კითხვები, რომელიც არსებობს კომპანია „Eagle Hills“-ის პროექტთან და უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. მას სურს, მედია ვეღარ აშუქებდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, უწყვეტ პროტესტს, პოლიტიკურ კრიზისს, უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა კორუფციულ სკანდალებს, ადამიანის უფლებების შელახვას, მწვავე სოციალურ პრობლემებს და ა.შ. ამიტომაც ცდილობენ დამოუკიდებელი გამოცემების დისკრედიტაციას და იმგვარი გარემოს შექმნას, რომ ჩვენი არსებობა შეუძლებელი გახდეს. დამოუკიდებელი ონლაინმედიების ერთობა – „სინათლე მედია“ – საზოგადოების მაღალი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამო იქცა „ქართული ოცნების” სამიზნედ.
საზოგადოების მხარდაჭერით, კამპანიის ფარგლებში სამი თვის განმავლობაში 22-მა ონლაინმედიამ უკვე მივიღეთ ჯამში 100 ათას ლარამდე შემოწირულება. ამ თანხით შევინარჩუნეთ ოფისები და გავწიეთ მასთან დაკავშირებული ხარჯები, გადავიხადეთ ვებგვერდების ფუნქციონირებისთვის საჭირო გადასახადები და ა.შ. სოლიდარობის გამომხატველი ყველა სიტყვა და მოქალაქეების მიერ გაღებული ყოველი ლარი ჩვენთვის ძვირფასი და იმედისმომცემია.
ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო, სადაც რუსული დეზინფორმაციული ნარატივები და ადგილობრივი პროპაგანდისტების მიერ სახელდახელოდ შეთხზული აშკარა ტყუილები ერთმანეთშია გადახლართული, ერთიანი განცხადებით მივმართავთ თვითრეგულირების ორგანოს და მოვითხოვთ სიუჟეტში გაჟღერებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას, ასევე ვითხოვთ პირდაპირ ეთერს, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა, ამ აბსურდულ ბრალდებებს ვუპასუხოთ.
ჩვენ, თავისუფალი ჟურნალისტები, ვდგავართ ერთად და განვაგრძობთ პროფესიული მოვალეობის პატიოსნად შესრულებას, რათა საზოგადოებას მივცეთ შესაძლებლობა, ისარგებლოს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების უფლებით”.




