ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მდივანი დენიელ დრისკოლი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში იმყოფება, სადაც კონსულტაციებს მართავს რუსეთის დელეგაციასთან. ამის შესახებ რამდენიმე მედიასაშუალება იუწყება.
ტელეკომპანია CBS-ი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირსა და ორ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სამშვიდობო პროცესის განსახილველად დრისკოლი აბუ-დაბიში რუსეთის წარმომადგენლებს 24 ნოემბერს, საღამოს შეხვდა და შეხვედრებს დღეს, 25 ნოემბერსაც განაგრძობს. ვინ არიან აშშ-ის დელეგაციაში დრისკოლის გარდა და ვინ – რუსეთის დელეგაციაში, წყაროები არ აკონკრეტებენ.
გამოცემა Politico-ს წყაროების ცნობით, დრისკოლმა აბუ-დაბიში ჩაიტანა უკრაინაში ომის დასრულების ამერიკული გეგმის ის ვარიანტი, რომელიც 23 ნოემბერს ჟენევაში შეათანხმეს უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებისას.
გამოცემა Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, დენიელ დრისკოლი აბუ-დაბიში გეგმავს შეხვედრას უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელ კირილო ბუდანოვთანაც. უკრაინული მედიის ცნობით, ამ საკითხზე დაზვერვის სამსახურში კომენტარი არ გააკეთეს.
აშშ-ის დელეგაცია დენიელ დრისკოლის ხელმძღვანელობით 20 ნოემბერს კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა დაადასტურა, რომ ამერიკული მხარისგან მიიღეს სამშვიდობო გეგმა. მანამდე არაერთი მედიასაშუალება ამ 28-პუნქტიან გეგმაზე დაყრდნობით წერდა, რომ მასში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად დიდწილად ასახულია რუსეთის მოთხოვნები. მათ შორის უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქებისა და ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირება და უკრაინის უარი, გახდეს ნატოს წევრი.
21 ნოემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა, აღმოჩნდეს ძალიან რთული არჩევანის წინაშე – ან ღირსების, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვა.
23 ნოემბერს ჟენევაში გაიმართა აშშ-ისა და უკრაინის მაღალჩინოსნების მოლაპარაკება, რომელშიც დენიელ დრისკოლიც მონაწილეობდა. ამ შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ მოამზადეს სამშვიდობო დოკუმენტის განახლებული და დაზუსტებული ჩარჩო.
25 ნოემბერს კრემლმა არც დაადასტურა და არც უარყო ინფორმაცია აბუ-დაბიში დრისკოლისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „აკვირდებიან მედიის ცნობებს და დეტალურად აანალიზებენ“.
დღესვე პესკოვმა „საინფორმაციო ბაკქანალია” უწოდა უკრაინის შესახებ ვაშინგტონის სამშვიდობო გეგმის გარშემო შექმნილ სიტუაციას.
ფორუმი




