სამწუხაროდ, მამუკა გამყრელიძის განცხადება და „ქართული ოცნების“ განცხადება ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა რეალობა სულ სხვაა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც „ევროპული დემოკრატების“ გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობდა, რომ „ნურც ის გაგიკვირდეთ, რომ ვიღაც ვიღაცები დარბოდნენ და იძახდნენ, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი. ეს იყო და კარგად ვიცი, იმიტომ, რომ იქ ვიყავი“.
სერგო ჩიხლაძის მკიცებით, ოპოზიცია ევროკავშირის თემაზე მუშაობდა პირველი დღიდან ბოლომდე და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო.
„მე ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებები ძირგამომთხრელია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაში. არ ვიცი, რას გულისხმობდა ან ვის გულისხმობდა ბატონი მამუკა [გამყრელიძე]. როდესაც ასეთ მძიმე განცხადებას აკეთებ, რაღაც ეფემერულ ძალებზე კი არ უნდა ისაუბრო, ჰიპოთეტურად, კონკრეტულად ისაუბროს. თუ გამოძიებული არ არის და არ იცის, რატომ საუბრობს, ჩემთვის გაურკვეველია.
სამწუხაროდ, ეს განცხადება და „ქართული ოცნების“ განცხადება ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა რეალობა სულ სხვაა. არ ვიცი, ბატონი მამუკა თავისი სახელით საუბრობდა თუ თავისი პარტიის სახელით, მაგრამ ეს განცხადება „ქართული ოცნების“ განცხადებებს ემთხვევა და აბსოლუტურად უნისონშია ერთმანეთთან. ერთი რომელიმე მტკიცებულება გვანახონ, სად არის? ეს არის ზუსტად ძირგამომთხრელი საქმიანობა. მათ მაშინ უნდა თქვან კონკრეტულად ვინ ჰყავთ მხედველობაში.
მოდით ქმედებებით ვისაუბროთ, „ქართული ოცნების“ ძირგამომთხრელი საქმიანობა ვერ დაინახეს? ოპოზიცია ევროკავშირის თემაზე მუშაობდა პირველი დღიდან ბოლომდე და ყველაფერს ვაკეთებდით. ვისი დამსახურება იყო, რომ საერთოდ განაცხადი შევიდა დაჩქარებული წესით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რომ მიგვეღო? ეს ხელისუფლებას არ უნდოდა და ეს ჩვენი, მოქალაქეების, სამოქალაქო სექტორის, ყველასი დამსახურებაა და ამას ვერ ხედავს ეს ხალხი და „ქართული ოცნების“ ე.წ. ნარატივს რატომ არიან აყოლილები?“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
