გასული ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარისა და როსტოვის ოლქის რამდენიმე რაიონში. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალები უკრაინულ დრონებს იგერიებდნენ.
25 ნოემბერს, დილის შვიდი საათისთვის როსტოვის ოლქის გუბერნატორ იური სლიუსარის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ქალაქ ტაგანროგში და ნეკლინოვსკის რაიონში მსხვერლია. გუბერნატორის თანახმად, დაიღუპა 3 ადამიანი. მათგან 2 მძიმე ტრავმების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა. მანამდე სლიუსარი 10 დაშავებულის შესახებ იუწყებოდა.
ტაგანროგის მერის, სვეტლანა კამბულოვას ინფორმაციით, ქალაქში დაზიანებულია ორი მრავალბინიანი და ერთი კერძო სახლი, კოლეჯის და საბავშვო ბაღის შენობები და ორი საწარმო.
როსტოვის ოლქის გუბერნატორ იური სლიუსარის ცნობით, ქალაქ ტაგანროგის სამრეწველო ზონაში ხანძარი გაუჩნდა სასაწყობე შენობას. გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია რომელი საწარმოს შენობა იწვის. უკრაინული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, დრონებით შეტევის სამიზნე იყო ტაგანროგთან მდებარე სამხედრო აეროდრომი. სხვა წყაროებით ეს ცნობები ჯერჯერობით დაუდასტურებელია.
დრონებით „ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და მასირებული შეტევის“ შესახებ იუწყება კრასნოდარის მხარის გუბერატორი ვენიამინ კონდრატიევი. მისი ინფორმაციით, დაშავდა 6 ადამიანი, დაზიანებულია სულ მცირე 20 სახლი.
კრასნოდარის მხარის მუნიციპალიტეტების ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობების მიხედვით, დრონებით შეტევა იყო ქალაქების, კრასნოდარის, ნოვოროსიისკის, ტუაფსეს და გელენჯიკის რაიონებში.
დროებით დახურეს კრასნოდარის, სოჭის და გელენჯიკის აეროპორტები.
უკრაინას რუსეთის რეგიონებზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ფორუმი




