ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი – კიდევ რაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაცია ჩინეთში გამართული შეხვედრების დროს

საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს. დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ევროკავშირისა და აზიის ბაზრების დაკავშირებაში შუა დერეფანს სულ უფრო მეტი დატვირთვა ეძლევა, საქართველოს კი, თავისი სტრატეგიული მდებარეობით, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში სულ უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევა, რის გამოყენებასაც მმართველი გუნდი ცდილობს. დელეგაციამ პეკინში შეხვედრები უკვე დაასრულა.
ხვალიდან მოლაპარაკებებს შანხაიში გამართავს. ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი – საუბარი ჩინეთის ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილესთან დღეს ს ყველა ამ მიმართულებაზე ჰქონდა. “ოცნების” დელეგაცია ჩინეთში კიდევ 3 დღე დარჩება.
“შევხვდით ჩინეთის ვაჭრობის მოადგილეს, განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში. საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროს, უშუალოდ ვაჭრობას სხვადასხვა მიმართულებით, ასევე ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობას. შევეხეთ, პრაქტიკულად, ეკონომიკის ყველა სფეროს, გვქონდა ძალიან დეტალური და პროდუქტიული განხილვა და მადლობა ამისთვის ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს,”- აღნიშნა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის მოადგილის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით კი საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო დიდი პოტენციალი არსებობს.
“განხილულ იქნა აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკისა და სავაჭრო საკითხებს და მე ძალიან დიდი სიხარულით მინდა ვთქვა, რომ ჩინეთი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობას, რომელიც აქვს საქართველოსთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნები და ეკონომიკები აბსოლუტურად სხვადასხვა ზომისაა, ისინი ხედავენ იმ პოტენციალს, რომელიც აქვს საქართველოს, როგორ შეიძლება გამოყენებულ იყოს საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა, როგორ შეიძლება ხელი შეეწყოს საქართველოში ბიზნესის წარმოებას და ქართველი ბიზნესმენებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
ჩვენ და ჩვენს ჩინელ კოლეგებს ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული ის შესაძლებლობები, რომელსაც ქმნის ჩვენი თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია გვაქვს სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც, რომლებიც მონაწილეობენ შუა კორიდორის პროექტის განხორციელებაში და ჩვენ ვისაუბრეთ ამ პროექტების დეტალებზე. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, მაგრამ ვხედავთ შესაძლებლობას, ვხედავთ იმ საკითხებს, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებულია და რაზეც უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ამ თანამშრომლობის შედეგები,”- აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

ასევე დაგაინტერესებთ