„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მედიას ეკონომიკური პროექტების წინააღმდეგ კოორდინირებული კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს.
პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა კობახიძეს უცხოეთიდან მედიის დაფინანსების სქემაზე „იმედის კვირის“ „ექსკლუზივის“ შეფასება სთხოვა.
„იმედის კვირის“ სიუჟეტი ყოველგვარი დასაბუთების და მტკიცებულების გარეშე ამტკიცებდა, რომ ონლაინ მედიები დიდი ოდენობით თანხებს იღებენ უცხოეთიდან და აწარმოებენ “კოორდინირებულ კამპანიას” საინვესტიციო პროექტების, მათ შორის Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ. Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც თბილისსა და აჭარაში მსხვილი დეველოპერული პროექტები უნდა განხორციელდეს და ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნას, კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული და კითხვებზე პასუხების ძიება, „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ პროექტის საბოტაჟად ფასდება.
„ეს კოორდინირებული სქემა ხელის გულზე დევს, თუმცა კარგია, რომ ჟურნალისტურმა გამოძიებამ კონკრეტული ფაქტები და დეტალები გამოავლინა. ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ კონკრეტული უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას; ხელი შეუშალონ ჩვენს ქვეყანაში სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განხორციელებას. ამის უკან დგას ერთადერთი ინტერესი — რაიმენაირად სცადონ საქართველოში პროცესების განვითარების შეფერხება, მათ შორის ეკონომიკური განვითარების პროცესების შეფერხება. ამ კუთხით მაინცდამაინც წარმატებულები ვერ არიან. გასული 4 წლის განმავლობაში გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა — 9.7%, თუმცა რომ არა ასეთი ტიპის აქტივობები, რომ არა უცხოური აგენტურა და მათი საქმიანობა, მათი საბოტაჟი, ბუნებრივია, ზრდის ტემპი იქნებოდა უფრო მაღალი“, — განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო იქნება უკომპრომისო და დაუპირისპირდება უცხოური დაფინანსებით “ეკონომიკური საბოტაჟის” ყველა მცდელობას.
კობახიძემ ასევე თქვა, რომ Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ კამპანიას ეწევიან „ერთი ხელიდან მართული“ მედია საშუალებები, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და პოლიტიკური ძალები: „ლელო“, „ალტ-ინფო“, „პატრიოტთა ალიანსს“, „ნაცმოძრაობა“…
„ეს არის ძირითადად ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც უპირისპირდებიან ამ უპრეცედენტო ინვესტიციას და უნაკლო პროექტს, რომელიც საქართველოში უნდა განხორციელდეს. ასეთი მარგინალური პოლიტიკური ძალები ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწევენ და ვერც ეს უცხოელი დონორები, ევროპელი ბიუროკრატები, რომლებიც აფინანსებენ საბოტაჟს საქართველოში, წარმატებას ვერ მიაღწევენ. საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის. ამის პირობას ვაძლევთ ქართულ საზოგადოებას“, — განაცხადა კობახიძემ.




