სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინაში აუცილებელია არა მხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, არამედ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 66-ე გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლები BSEC-ისთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა – რუსეთის ომმა უკრაინაში და, მის შედეგად, შავი ზღვის რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა სერიოზული გავლენა მოახდინა ორგანიზაციის საქმიანობაზე.
„სირთულეების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ორგანიზაციის ფუნქციონირების შენარჩუნება და ამ განსაკუთრებული ფორმატის გამოყენება დიალოგის, გაცვლების და ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი შედეგების ხელშეწყობისთვის.
ბოლო წლებში, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა სტრატეგიული, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით შესამჩნევად გაიზარდა. ჩვენი გეოგრაფიული სივრცე, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს, ყოველთვის იყო ცივილიზაციების გზაჯვარედინზე და დღეს, მრავალი გამოწვევისა და რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა ყველა იმ სფეროში თანამშრომლობისთვის, რომლებიც ჩვენს რეგიონს უფრო სტაბილურს, უსაფრთხოსა და განვითარებულს გახდის. ამ მხრივ, მშვიდობა ყველაზე ფუნდამენტური წინაპირობაა. გრძელვადიანი მშვიდობა არა მხოლოდ სასურველი პირობაა, არამედ ის საფუძველია, რომელზეც უნდა აშენდეს კეთილდღეობა, მედეგობა და საერთო ზრდა. სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინაში აუცილებელია არა მხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, არამედ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის უზრუნველსაყოფადაც. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას იმ ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სამართალზე და სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე დაფუძნებული ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე, ხაზი გაუსვა ფართო რეგიონის წინაშე არსებულ ისტორიულ შესაძლებლობას: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მდგრადი სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევისკენ მიმართულ მიმდინარე ძალისხმევას.
„ადგილზე მშვიდობა უკვე მიღწეულია, რითიც სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ლანდშაფტი ტრანსფორმირდება და მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის უზარმაზარი პოტენციალი იხსნება ეკონომიკური კუთხითა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით.
ჩვენ, ასევე, მივესალმებით სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.




