რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ რაკეტებით და დრონებით თავდასხმების ბოლო კვირებში გაძლიერებას მოჰყვა მსხვერპლის რაოდენობის მკვეთრი ზრდა სამოქალაქო პირებს შორის – აცხადებს გაერო ახალ ანგარიშში.
უკრაინაში ადამიანის უფლებებზე დამკვირვებელი გაეროს მისიის (HRMMU) ანგარიშის თანახმად, მხოლოდ დეკემბერში რუსეთის იერიშების შედეგად დაიღუპა 101 უკრაინელი სამოქალაქო პირი, დაიჭრა 491 ადამიანი – რაც წარმოადგენს დადასტურებული შემთხვევების 26,5 პროცენტით მატებას, თვიდან თვემდე.
HRMMU აცხადებს, რომ რეალური მონაცემი სავარაუდოდ კიდევ უფრო მაღალია, რადგან სიკვდილის ბევრი შემთხვევა კვლავაც დაზუსტების პროცესშია.
უკრაინაში რუსეთის პროვოცირების გარეშე შეჭრის შემდეგ, სამოქალაქო პირებს შორის, დადასტურებული შემთხვევებით, დაღუპულია 10,191 ადამიანი, დაიჭრა 19,139 სამოქალაქო პირი.