ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი (DOGE) უფლებამოსილების ვადის ამოუწრვამდე რვა თვით ადრე დაიშალა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
„არ არსებობს“, – ასე უპასუხა პერსონალის მართვის ოფისის დირექტორმა სკოტ კუპორმა სააგენტოს შეკითხვას მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის სტატუსის შესახებ. კუპორის თანახმად, DOGE აღარ არის ცენტრალიზებული ორგანიზაცია.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2025 წლის იანვარში შექმნა ახალი ფედერალური უწყება, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელობა დაავალა თავის აქტიურ მხარდამჭერს, კომპანიების Tesla-ს და Space X-ის მფლობელს, მილიარდერ ილონ მასკს.
დეპარტამენტს 2026 წლის ივლისის ჩათვლით უნდა ემუშავა და მაქსიმალურად შეემცირებინა ფედერალური სააგენტოები და მათი დაფინანსება.
დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნული ილონ მასკი აქტიურ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებდა და ერთ-ერთ კონფერენციაზე ხერხითაც კი მივიდა იმის ნიშნად, თუ რას უპირებდა საბიუჯეტო ორგანიზაციებს. მასკს მიზნად გამოცხადებული ჰქონდა აშშ-ის ბიუჯეტიდან ორი ტრილიონი დოლარის დაზოგვა.
2025 წლის მაისში მასკმა ეს სამსახური დატოვა.
ილონ მასკმა, როგორც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული უწყებების ხარჯების შემცირება დაიწყო, რამაც ათიათასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვია. მოგვიანებით, ნაწილი სასამართლოს გადაწყვეტილებით სამსახურებში დააბრუნეს.
2025 წლის თებერვალში დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ უკვე დაზოგა ათეულობით მილიარდი დოლარი, თუმცა დამოუკიდებელმა საფინანსო ექსპერტებმა ეს ვერ დაადასტურეს, რადგან დეპარტამენტმა უარი თქვა თავისი ანგარიშების გასაჯაროებაზე.
2025 წლის აპრილში ილონ მასკმა განაცხადა, რომ ფედერალურ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული სიტუაცია იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა და მისი გამოსწორება ძალიან რთული ამოცანაა.
ფორუმი



