მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს მთავარი მიზანი – რუსეთის ომის შეჩერება და მისი ხელახლა გაღვივების თავიდან აცილება, ამის მისაღწევად კი მშვიდობა ღირსეული უნდა იყოს – უკრაინა მადლიერია შეერთებული შტატების, ყველა ამერიკელის და პირადად პრეზიდენტ ტრამპის დახმარებისთვის, რომელმაც უკრაინელების სიცოცხლე გადაარჩინა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „მთელი დიპლომატიური სიტუაციის არსი ისაა, რომ ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო და სრულმასშტაბიანი შემოჭრის განმავლობაში მხოლოდ რუსეთია ის, ვინც უარს ამბობდა მის დასრულებაზე“.
„ეს ხანგრძლივი ომია და მთავარი, რისი გაკეთებაც რუსეთს სურს, არის შეინარჩუნოს მისი კიდევ უფრო დიდხანს წარმოების შესაძლებლობა და არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ ამდენი ძალა და ლიდერი ახლა მშვიდობისთვის მუშაობს. უკრაინა მადლიერია შეერთებული შტატების, ყველა ამერიკელის და პირადად პრეზიდენტ ტრამპის დახმარებისთვის, რომელმაც – „ჯაველინებით“ დაწყებული – უკრაინელების სიცოცხლე გადაარჩინა. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველას ევროპაში, G7-სა და G20-ში, ვინც გვეხმარება სიცოცხლის დაცვაში. მნიშვნელოვანია მხარდაჭერის შენარჩუნება.
მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს მთავარი მიზანი – რუსეთის ომის შეჩერება და მისი ხელახლა გაღვივების თავიდან აცილება. ამის მისაღწევად კი მშვიდობა ღირსეული უნდა იყოს. მხოლოდ ამ ერთ წელიწადში პუტინმა უკვე ასობით ათასი საკუთარი ადამიანი გაგზავნა სიკვდილზე, რათა უკრაინის ტერიტორიის ერთი ან რამდენიმე პროცენტი დაეკავებინა. და სწორედ ამას აკეთებს რუსეთი – ქვეყანა, რომელსაც ისედაც უფრო მეტი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია აქვს, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს. ომის ასეთი ხასიათი და რუსეთის მცდელობები, გააგრძელოს იგი, აჩვენებს, რომ მათთვის საქმე არ ეხება ტერიტორიას ან იმას, თუ როგორ იქცევა ერთი ან მეორე მეზობელი რუსეთის მიმართ, არამედ საქმე ეხება რუსეთის „ომის წარმოების უფლებას“, სხვების „დამორჩილების უფლებას“ და უსაფრთხოების ფუნდამენტურ არარსებობას.
სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ასე ფრთხილად ყველა საკითხზე, მშვიდობისკენ მიმავალ ყველა ნაბიჯზე. ყველაფერი სწორად უნდა წარიმართოს – რათა ეს ომი ნამდვილად დასრულდეს და ის აღარ განმეორდეს. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება! მადლობა, ამერიკა! მადლობა, ევროპა! ვამაყობ ჩვენი ხალხით. დიდება უკრაინას!“,- წერს ზელენსკი.




