„ქართული ოცნების“ სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მთელმა რიგმა ქვეყნებმა ქართული დიასპორის წარმომადგენლები ერთმანეთთან დასაპირისპირებლად გამოიყენა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოში არჩევნების ჩატარების დროს იკვეთება ხოლმე გარე ძალების ინტერესი და მტრული პოლიტიკა, რაც, მისი ვარაუდით, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერედება.
„საქართველოს არჩევნების მიმართ არსებობს გარე ძალების ინტერესი და ჩვენ ეს 2024 წელს განსაკუთრებით თავხედურად დავინახეთ, როცა მათ შორის, საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ელჩიც კი იყო საარჩევნო კამპანიაში ჩართული. აღარაფერს ვამბობ უცხო ქვეყნების პოლიტიკოსებზე, პარლამენტის წევრებზე, მინისტრებზე, რომლებიც არა უბრალოდ სიტყვით იყვნენ აგიტაციაში ჩართული, არამედ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. შემდეგ ამას მოჰყვება მტრული პოლიტიკა, რაც ადასტურებს, რომ ეს ინტერესი არათუ დაიკლებს, არამედ იქნება კიდევ უფრო მაღალი, უხეში და თავხედური. ასევე, ჩვენ ვნახეთ, რომ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გამოყენების რისკი არსებობს, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი გაატარონ უცხო ძალებმა. ერთი მაგალითია, როგორ იყო ჩართული გერმანიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ამომრჩეველზე აგიტაციის და ზეწოლის საკითხში, ის თავად აორგანიზებდა ამომრჩეველთა აქტივობას გერმანიაში. ვიხილეთ, როგორ იყენებდნენ დიასპორის წარმომადგენლებს, ქართველებს ქართველების წინააღმდეგ, როგორ დგებოდა სიები უცხო ქვეყნებში ქართველებისა იმისთვის, რომ შემდეგ ისინი ჩაეშვათ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში, რომ მათი დეპორტაცია წაექეზებინათ, დაეშინებინათ, თუ არ მოიქცეოდნენ და ხმას არ მისცემდნენ ისე, როგორც მიუთითებდნენ შესაძლოა, მათი დეპორტაცია ყოფილიყო შედეგი. ჩვენ ვხედავთ ასევე გამოცდილებას სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება იღებს ზომებს, რათა არ მოხდეს საქართველოში გამართულ არჩევნებზე სხვა ქვეყნების ხელისუფლებებისა თუ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან.
“ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ემიგრანტებზე, რომლებიც წნეხის ქვეშ იყვნენ 2024 წელს. ამ არჩევნების წინ იყო მტრული გარემო შექმნილი იმ ამომრჩევლის წინააღმდეგ, რომელიც არ აჰყვა ზოგიერთი უცხო ქვეყნის ლიდერის პოზიციას, მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ არ გამოდიოდა, ფაქტობრივად, მტრული გარემო შეიქმნას, აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში ვხედავდით ამას. იქაურმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა მათ დასაცავად. ამიტომ, ჩვენ ვთქვით, რომ უცხო ქვეყნის იურისდიქციაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, როცა ამ იურისდიქციის ქვეშ არიან ჩვენი მოქალაქეები, პოტენციური სამიზნეები არიან ამგვარი წნეხის, ამიტომ ჩვენი ემიგრანტების ამ წნეხისგან დასაცავად არის, მათ შორის ეს გადაწყვეტილება მიღებული, რაც თავის მხრივ მათ აძლევთ შესაძლებლობას, საკუთარ სამშობლოში ოთხ წელიწადში ერთხელ ჩამოვიდნენ და მისცენ აქ ხმა. წინასწარ არის ცნობილი, 2028 წლის 28 ოქტომბერს იქნება არჩევნები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნება“ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობა უკრძალოს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 2025 წლის 17 ნოემბერს განაცხადა.
მოქმედი საარჩევნო კოდექსით, არარეზიდენტ მოქალაქეებს ეკრძალებათ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა შეუძლიათ ხმა მისცენ საპარლამენტო არჩევნებში. ამისთვის უცხოეთში საარჩევნო უბნები იხსნება ხოლმე.
დაგეგმილი ცვლილებებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.
შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ეს ცვლილება არ ზღუდავს ხმის მიცემის უფლებას, არამედ აწესებს ადგილსა და საზღვრებს.
„კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების, უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას, რომ არაფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. ამავე დროს, ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში“, – შალვა პაპუაშვილმა.
ფორუმი




