28-პუნქტიან გეგმაზე მუშაობის დაწყებამდე კარგი იქნება ვიცოდეთ, ვინ არის მისი ავტორი და სად შეიქმნა ის, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ, ევროპის, კანადისა და იაპონიის ლიდერებთან ერთად, გარკვეული შენიშვნების მიუხედავად, 28-პუნქტიან გეგმაზე მუშაობის მზადყოფნის შესახებ გამოვაცხადეთ. თუმცა, ვიდრე მუშაობას დავიწყებთ, კარგი იქნება ზუსტად ვიცოდეთ, ვინ არის გეგმის ავტორი და სად შეიქმნა ის“, – წერს დონალდ ტუსკი X-ზე.
ცნობისთვის, ამერიკელმა სენატორებმა უკრაინაში ომის დასრულებით მიზნით შექმნილ „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით განაცხადეს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მათ ესაუბრა და უთხრა, რომ „სამშვიდობო გეგმა“ აშშ-ის პრეზიდენტის „ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს“.
„28-პუნქტიანი გეგმა, რომელმაც გაჟონა, მარკო რუბიოს თქმით, ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს, ეს ფაქტობრივად რუსების სურვილების სიაა“, – აღნიშნა სენატორმა, ანგუს კინგმა.
მოგვიანებით, ამერიკელი სენატორების განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ „სიცრუე“ უწოდა, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ „სამშვიდობო წინადადების“ ავტორი ამერიკის შეერთებული შტატებია.
„ის [„სამშვიდობო გეგმა“] შეთავაზებულია, როგორც ძლიერი ჩარჩო მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის. ის რუსული მხარის წინადადებებს ეფუძნება, თუმცა, ასევე, უკრაინის წინა და მიმდინარე წინადადებებსაც ეფუძნება“, – დაწერა მარკო რუბიომ X-ზე.




