22 ნოემბრის აქციაზე დაკავებული, „ტვ პირველის“ ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი ამბობს, რომ იზოლატორში შესახლების დროს „არაადამიანური პირობებით“ შეამოწმეს, რაც ნიშნავს, რომ სრულად გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს.
ამის შესახებ ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა დიღმის იზოლატორში მამნიაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა და თქვა, რომ მსგავსი შემოწმება კანონით აკრძალულია.
„არსებითად დაირღვა გიორგი მამნიაშვილის უფლებები: 1. გიორგის განმარტებით, დაკავების მომენტიდან, — მათ შორის პოლიციის შენობაში ყოფნისას, ტრანსპორტირებისა და იზოლატორში შესახლებისას — მუდმივად ითხოვდა ადვოკატთან დაკავშირებას, რის უფლებასაც არ აძლევდნენ. იზოლატორში გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს. ორივე ზემოთ აღნიშნული ქმედება კანონით არის პირდაპირ აკრძალული“, — განაცხადა მიგინეიშვილმა.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა მიმდინარე წლის ივნისში გამოიტანა თავისი საკონსტიტუციო სარჩელი, განაცხადა რა, რომ იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნა სრული შემოწმების მიზნით პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკის აღმოფხვრის თაობაზე.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი პოლიციამ რუსთაველის გამზირზე, 22 ნოემბერს დააკავა. „ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელ ნოდარ მელაძის თქმით, ამ დროს გიორგი მამნიაშვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ადგილზე პირდაპირ ჩართვაზე მყოფი ჯგუფის პარალელურად მუშაობდა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „ტვ პირველის“ ჟურნალისტის დაკავებას და შსს-ს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოითხოვს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, პასუხისმგებლობა აიღოს საპოლიციო თავნებობაზე, გამოავლინოს და შესაბამისად დასაჯოს პოლიციელები, რომლებიც ჟურნალისტებს აქციების გაშუქებაში ხელს უშლიან და, ზოგიერთ შემთხვევაში, აკავებენ კიდეც მათ.
„პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია და ის მედიაზე ზეწოლის იმ კოორდინირებული სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, რომლის საბოლოო მიზანი საზოგადოების სანდო და მიუკერძოებელი, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციისა და ანალიზის გარეშე დატოვებაა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს გიორგი მამნიაშვილს და ყველა ჟურნალისტს, რომელთა პროფესიული უფლებები პოლიციამ ბოლო წლის განმავლობაში პროევროპული აქციების გაშუქებისას შელახა“, — ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.




