ბორჯომის პლატოს უნიკალურ დასასვენებელ სივრცეს ანგრევენ – მრავალწლიანი დავა კომპოზიტორთა სახლისთვის ისე დასრულდა, რომ კომპოზიტორებს დაპირებული ქონება “ქართულმა ოცნებამ” არ დაუბრუნა. კომპოზიტორთა სახლი გაყიდეს და 10 ჰექტარზე გადაჭიმულ ტერიტორიაზე სასტუმრო კომპლექსი შენდება.
- “შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ ინვესტორის შესვლის მომენტში ადგილზე 20 ნაგებობა იყო, მათ შორის 8 კოტეჯი და სხვა დამხმარე შენობები. ახლა კი დარჩენილია მხოლოდ კომპოზიტორთა დასასვენებელი სახლი და 1 კოტეჯი.
წიწვოვან ტყეში ჩაფლულ რეზიდენციებს, კომპანია “პეტრა ჯგუფი” გაყიდის. არადა, კომპოზიტორთა კავშირი, 2006 წლიდან ამ ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვდა და სააკაშვილის ხელისუფლებას, ფართობის უკანონოდ ჩამორთმევაში სდებდა ბრალს. “ქართულმა ოცნებამ” შენობა კომპოზიტორებს არ დაუბრუნა და გაყიდა.
- უნიკალური ლანდშაფტი, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებით 7 მილიონ 20 ათას ლარად გაიყიდა.
კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის თქმით, სამართლიანობა არც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აღდგა და ახლა იძულებული არიან, დასჯერდნენ იმას, რასაც მისცემენ.
კომპოზიტორთა სახლი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით გაიყიდა. კომპოზიტორთა სახლი ბორჯომის პლატოზე ღარიბაშვილმა ისე გაყიდა, რომ პროფილის შენარჩუნების ან რაიმე სხვა მსგავსი ვალდებულება თან არ გააყოლა. კომპანია, რომელმაც ეს ქონება შეიძინა, “ქართული ოცნების” შემომწირველია.
კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარეს გიორგი შავერზაშვილი და კომპოზიტორებს ახლა სხვა რამეში აჯერებენ, თითქოს, ვისაც დასვენება მოუნდება, სასტუმროში ფასდაკლებით ისარგებლებს, თუმცა “პეტრა ჯგუფში” ამბობენ, რომ ეს ასე არ არის.
ეს კიდევ ყველაფერი არ არის – ღარიბაშვილის გაყიდულ ტერიტორიებს კობახიძე ორჯერ უფრო მეტს უმატებს. “ოცნების” ლიდერის ბრძანებით, კომპოზიტორების სახლის მომიჯნავე ფართობებს, ტყის სტატუსი მოუხსნეს. ბორჯომის პლატოს იმ ნაწილს, რომელიც კომპოზიტორთა სახლის უკვე ყოფილ მიწებს გარს აკრავს სავარაუდოდ გასაყიდად ამზადებენ და აქაც სამშენებლო პოლიგონს მოაწყობენ.




