პოლიციამ, სავარაუდოდ, კიდევ 8 პირი დააკავა პარლამენტთან და საპროტესტო მსვლელობისას

22 ნოემბერს, პროტესტის 360-ე დღეს, პოლიციამ ისევ დააკავა აქციის მონაწილეები – ნაწილი პარლამენტთან, ნაწილიც მსვლელობის დროს.
დემონსტრანტები თავდაპირველად ტრადიციულად, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, სადაც მათ ე.წ. “ჭყვიტინა მამლების – სათამაშოების” პერფორმანსი გამართეს 20 ნოემბერს დაკავებული ვანო სხირტლაძის მხარდასაჭერად, რომელსაც სასამართლომ 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ადგილზე ასევე მიიტანეს მოტოციკლეტიც- მიხეილ ზაქარეიშვილის ფიგურით, რომელსაც სასამართლომ 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. პოლიციამ პარლამენტის წინ მიმდინარე ამ აქციაზე პროტესტის 2 მონაწილე დააკავა.
მოგვიანებით კი, როცა დემონსტრანტები მსვლელობით გაემართნენ სახელმწიფო კანცელარიისკენ, ინგოროყვას ქუჩისკენ, იქ მათ პოლიციის კორდონი დახვდათ და იქ, სავარაუდოდ, აქციის კიდევ 6 მონაწილე დააკავეს. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორც ტენიან მათ პოლიციის მანქანებში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან გიორგი სავანელი, დავით გუნაშვილი, მარიამ მეყანწიშვილი, სოფო მარკოზია, ლიდა ცომაია, ოთარ ირემაძე, ლუკა ჭოხონელიძე და ცოტნე მირცხულავა.
მსვლელობის შემდეგ დემონსტრანტები კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ და ადგილზე გააგრძელეს პროტესტი.
უკვე რამდენიმე დღეა პოლიცია რუსთაველის აქციის მონაწილეებს გზას აღარ აკეტინებს, თუმცა, არც მსვლელობის შესაძლებლობას აქცევს – ყოველი ასეთი მსვლელობისას რამდენიმე დემონსტრანტს იჭერენ.
ბოლო პერიოდში სამართალდამცველები ცდილობენ, მაქსიმალურად შეზღუდონ პროტესტის მონაწილეები. მათ არ აძლევენ გზების საავტომობილო ნაწილებზე მარშირების უფლებას, ცოცხალი კედლებით ზღუდავენ ტროტუარებზე გადაადგილებასაც და როგორც წესი, არ განმარტავენ, რა არის შეზღუდვების საფუძველი.
პოლიციის ქმედებების ფონია გამკაცრებული კანონმდებლობაც, რომელიც ზოგი ადმინისტრაციული დარღვევის განმეორების შემთხვევაში სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფორუმი