თბილისის მეტროს ვაგონების 15-წლიანი პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა

თბილისის მეტროს ვაგონების განახლების 15-წლიანი პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მილიონი ევრო გამოიყოფა – გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მეტროს ვაგონების განახლების პროექტი 212 ცალი ახალი ვაგონის შესყიდვას გულისხმობს, რაც ჯამში 45 მატარებელია. ცამეტი 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, 32 ცალი 5-ვაგონიანი მატარებელი კი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის.
“უახლოეს დღეებში გამოცხადდება ბაზრის კვლევა, ამის შემდეგ კი საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება მეტროს ვაგონებისა და საგარეუბნო მატარებლების მწარმოებელ, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე უცხოურ კომპანიებს.” – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ პრესრელიზში.
თბილისის მეტროს ვაგონების განახლების საკითხი წლებია დგას დღის წესრიგში. 2021 წელს მერია აპირებდა 44 ახალი ვაგონის შესყიდვას რუსული კომპანია “მეტროვაგონმშენისგან” – ეს გარიგება სთვის სანქციების დაკისრების გამო ჩაიშალა. იგივე გეგმა არსებობდა 2019 წელსაც. უფრო ადრე კი, 2018 წელს, თბილისის მერია სამგორიდან ლილოს მიმართულებით მეტროსადგურების აშენების საჭიროებაზე საუბრობდა.

ასევე დაგაინტერესებთ