მოსამართლემ სამოქალაქო აქტივისტ მიხეილ ზაქარეიშვილს 7 დღით პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამოქალაქო აქტივისტ მიხეილ ზაქარეიშვილს.
საქალაქო სასამართლომ ის სამართალდამრღვევად ცნო – მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
22 ნოემბრის სასამართლოსხდომაზე ორი პოლიციელი გამოიკითხა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სამოქალაქო აქტივისტი მათ მოწოდებას არ დაემორჩილა.
ზაქარეიშვილმა კი სასამართლოზე განაცხადა, როგორ დააკავა ის პოლიციის მაღალჩინოსანმა გოგა მემანიშვილმა მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობა არ გაუწევია.
„არ ვეთანხმები არაფერს, გოგა მემანიშვილი მოვიდაა აგრესიით, რატომ აყენებ აქ მოტოციკლსო. დავიწყე გადაყენება და ვუთხარი, მოპედია ეს და არ შეგეშალოს თქო და ესე იგი, არ მემორჩილებიო? და მტაცა ხელი, ვიფიქრე ხელს მკრავს-მეთქი,როგორც იციან ძველბიჭურად და თურმე მაკავებდა”- განაცხდა სასამართლოზე მიხეილ ზაქარეიშვილმა.
ის პოლიციამ 20 ნოემბერს რუსთაველზე დააკავა სხვა რამდენიმე მოქალაქესთან ერთად.
ზაქარეიშვილის დაკავების კადრებში ჩანს პოლიციის მაღალჩინოსანი გოგა მემანიშვილი. დემონსტრანტი პოლიციამ პარლამენტის წინ, ტროტუარზე მდგარი დააკავა.
მიშა ზაქარეიშვილი გასული თვის განმავლობაში ჯერ პირბადის დემონსტრაციულად ტარებით, შემდეგ კი პარლამენტთან მოტოციკლის გაჩერებით აპროტესტებდა ახალმიღებულ კანონებს, რომლებსაც უფლებადამცველები და დემონსტრანტები რეპრესიულად მიიჩნევენ.
ბოლო პერიოდში სამართალდამცველები ცდილობენ, მაქსიმალურად შეზღუდონ პროტესტის მონაწილეები. მათ არ აძლევენ გზების საავტომობილო ნაწილებზე მარშირების უფლებას, ცოცხალი კედლებით ზღუდავენ ტროტუარებზე გადაადგილებასაც და როგორც წესი, არ განმარტავენ, რა არის შეზღუდვების საფუძველი.
პოლიციის ქმედებების ფონია გამკაცრებული კანონმდებლობაც, რომელიც ზოგი ადმინისტრაციული დარღვევის განმეორების შემთხვევაში სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფორუმი