შალვა პაპუაშვილი – კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი იურისდიქციის მიღმა ჩვენი მოქალაქეების მიერ ნების თავისუფლად გამოხატვაზე – ინტერესი საქართველოს არჩევნებში ჩარევისა, დიდია

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი იურისდიქციის მიღმა ჩვენი მოქალაქეების მიერ ნების თავისუფლად გამოხატვაზე, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება. ჩვენ ვატყობთ, რომ ინტერესი საქართველოს არჩევნებში ჩარევისა, დიდია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ „ემიგრანტებზე წნეხი ვეღარ განხორციელდება“.
„ნიშანდობლივია, რომ კოდექსის მიმართ, მისი დებულებების 99%-ის მიმართ შენიშვნა არ აქვთ, ეს კარგია. ახალი კოდექსის საჭიროება იყო, ვინაიდან ძველი კოდექსის ცვლილებების გამო უკვე ტექსტი თავადაც გართულებული იყო, ამიტომ დიდი კრიტიკა არ ისმის. ერთადერთი საკითხი, რასაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს წარმოადგინოს, ეს არის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა-არგახსნის საკითხი. ამის არგუმენტებიც საკმაოდ ნათელია, ამის საპირწონედ ვერაფერი მოიყვანა ოპოზიციამ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი იურისდიქციის მიღმა ჩვენი მოქალაქეების მიერ ნების თავისუფლად გამოხატვაზე, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება.
ჩვენ ვატყობთ, რომ ინტერესი საქართველოს არჩევნებში ჩარევისა, დიდია და შარშან ჩვენ ვნახეთ არჩევნებში პირდაპირ, უხეში ჩარევა ელჩების და სხვადასხვა ქვეყნების ლიდერების მხრიდან, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ეს წნეხი ჩვენს ემიგრანტებზე კიდევ უფრო გაიზრდება, ვიდრე იყო შარშან, როცა გერმანიის მაღალი თანამდებობის პირი, ბუნდესტაგის კომიტეტის თავმჯდომარე თავად იყო ჩართული მათ შორის, ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენაში გერმანიის ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი მოიმატებს, მზარდი იქნება და სწორედ ეს წნეხი რომ გამოვაცალოთ ჩვენს ემიგრანტებს, ამიტომაც იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული იმისთვის, რომ უცხო იურისდიქციებში ვინმემ არ სცადოს მათი იარაღად გამოყენება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მათზე ზეწოლით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.