გამოცემა meydan.tv-ს ცნობით, ბაქოს სასამართლოებში და პროკურატურაში უცხოეთში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ბლოგერებზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკურ აქტივისტებზე დაწყებული მრავალი სისხლის სამართლის საქმე დაუსწრებლად მიმდინარეობს.
ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოში ახალი პროცესი დაიწყო რვა ემიგრანტი ბლოგერისა და აქტივისტის საქმეზე, მათ შორის ტურალ სადიკლის, ყურბან მამმედოვის, ელშად მამმედოვისა და სულეიმან სულეიმანლის მიმართ. ბრალდებები მოიცავს “ტერორიზმზე საჯარო მოწოდებებს” და “სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საწინააღმდეგო ქმედებებს”. ყველა ბრალდებული ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმყოფება.
აღნიშნული საქმე წელს დაწყებული უფრო ფართო ტალღის ნაწილია: ზაფხულში სასამართლომ უცხოეთში მცხოვრები შვიდი ბლოგერის მიმართ დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
ამავდროულად, როგორც გამოცემა წერს, პროკურატურა და ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ საქმეები „სახელმწიფო უსაფრთხოებაზე და კონსტიტუციური წყობის დაცვაზე მიმართულ უკანონო ქმედებებს“ უკავშირდება. ოპოზიცია, უფლებადამცველები და რამდენიმე ანალიტიკოსი კი პროცესებს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად აფასებენ.




