ცრუ ნარატივები, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიიდან“ მოდის, ახალი არ არის – არცერთი სიტყვა ამგვარი უცხოელების არ ინდობა, ეს ის ხალხია, რომლებიც უკრაინას ეუბნებოდნენ, რომ ბოლომდე მათ გვერდით იდგებოდნენ, შემდეგ ერთობლივად უთხრეს, რომ უკრაინამ ტერიტორიები უნდა დათმოს, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დასმულ შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოიპოვეს წერილი, რომელიც EPP-ის წევრებმა არასაჯაროდ გაუგზავნეს ევროკომისიის წევრებს, სადაც საუბარია, რომ „საქართველო გვერდს უვლის სანქციებს და რუსეთს ეხმარება“.
შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართველი ხალხისთვის ყველანაირ წერილებს ძალა დაკარგული აქვს.
„ცრუ ნარატივები, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიიდან“ მოდის, ახალი არ არის. ყველაზე მძიმე ის არის, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ ევროპის ყველაზე ძლიერი გაერთიანებაა და რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებაში არიან. ვხედავთ, რომ ასეთი ღირებულებებისგან დაცლილი, დეზინფორმაციის გამავრცელებელი და რაც მთავარია სხვა ხალხებზე თავდამსხმელი პარტია, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებაში არიან, მათ შორის, ევროკომისიაში არიან წამყვან პოზიციებზე წარმოდგენილი, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტის სახით.
სინამდვილეში ვხედავთ, რომ ქართველი ხალხისთვის ყველანაირ წერილებს ძალა დაკარგული აქვს, არცერთი სიტყვა ამგვარი უცხოელების არ ინდობა. ეს ის ხალხია, რომლებიც უკრაინას ეუბნებოდნენ, რომ ბოლომდე მათ გვერდით იდგებოდნენ, გუშინ კი მოვისმინეთ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებების კომენტარი, კონტაქტის ხაზი უნდა იყოს იმ წერტილში, საიდანაც მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს და ერთობლივად უთხრეს უკრაინას, რომ ტერიტორიები უნდა დათმოს. ასე რომ ჩვენ ასეთი მტერ-მოყვარეები ბევრი გვყავს სამწუხაროდ. მაგრამ, საბედნიეროდ ქართველმა ხალხმა ისწავლა თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ამგვარ მტერ-მოყვარეებს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ასევე შალვა პაპუაშვილმა 21 ნოემბერს, ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაუქმებული შეხვედრაც შეაფასა.
„იციან, როგორც კი, სიმართლე შეეხება იმ დეზინფორმაციას და ცრუ ნარატივებს, რომელსაც ბრიუსელი ასე რუდუნებით აკოწიწებს ხოლმე, იმ მომენტშივე ეს ნარატივი ჩამოიმსხვრევა. იციან, რომ სუსტები არიან არგუმენტებში, იციან. რომ სიმართლეს ვერაფერს დაუყენებენ წინ, ეს არის რეალურად სუსტის გაქცევა დისკუსიისგან, ვინაიდან იციან, რომ რამე არგუმენტი საქართველოს წინააღმდეგ არ აქვთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.




