საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის საჰაერო ძალების შეფასებისა და ინსპექტირების დირექტორს, გენერალ-ლეიტენანტ იაშარ ქადიოღლუს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების შეფასებისა და ინსპექტირების დირექტორს, გენერალ-ლეიტენანტ იაშარ ქადიოღლუს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, იაშარ ქადიოღლუ თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც საქართველოში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ჩამოვიდა – დელეგაციის წევრები, ქართველ კოლეგებთან ერთად, ავიაკატასტროფის ადგილზე შესაბამის ძებნა-შველის ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.
„ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში, იაშარ ქადიოღლუმ მადლობა გადაუხადა გეკა გელაძეს ეფექტიანი მუშაობისა და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის. თურქი გენერლის თქმით, ქართული საპოლიციო დანაყოფები, რომლებიც ავიაკატასტროფის ადგილზე მუშაობდნენ გამოირჩეოდნენ მაღალი პროფესიონალიზმითა და სტანდარტით.
შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალი ქაან ორბაი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, საელჩოს პირველი მრჩეველი მელიკე ილმაზ ოსკიფერი და სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ილჰან ოქთენდურალი ესწრებოდნენ.
თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა 11 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში განიცადა. შედეგად, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 20 მოსამსახურე დაიღუპა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე Eagle Hills-ის პროექტზე – საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას

ირაკლი კობახიძე – ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას – ამას აღარ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევაში