ქეთევან ხუსკივაძეს ჯარიმა, ნინო ბარძიმაშვილს 2 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

მოკლედ
· მოსამართლე დავით მაკარაძემ 2 დღიანი პატიმრობა შეუფარდა ნინო ბარძიმაშვილს და 5 ათასი ლარით დააჯარიმა ქეთევან ხუსკივაძე – ორივე მათგანი პოლიციამ პოლიტპატიმრად მიჩნეული მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე დააკავა.
· 35 წლის მაკარაძე მოსამართლე 2021 წელს გახდა და 2025 წლის ნოემბრამდე გორის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ის “მივლინების საფუძველზე” მუშაობს.
· დაკავებულებს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება – ქეთევან ხუსკივაძე ამბობს, რომ მას თავად მიაყენა პოლიციის მაღალჩინოსანმა შეურაცხყოფა.
“ქეთევან ხუსკივაძის მიმართ პირიქით, აქეთ აქვს ადგილი სიტყვიერ შეურაცხყოფას. როგორც მან მითხრა, უშუალოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გოგა მემანიშვილმა, შეაგინა კიდეც. ხუსკივაძეს ათამდე პოლიციელი აკავებდა. იმის მიუხედავად, რომ ქეთევან ხუსკივაძეს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, საკმაოდ ძალმომრეობითი ხასიათის იყო მისი დაკავება. გუშინ, მას ტკივილი ჰქონდა კისრისა და იღლიის არეში, იქიდან გამომდინარე, რომ მას დაკავების მანქანაში მოსათავსებლად ეჭიდავებოდნენ” – უთხრა მედიას ქეთევან ხუსკივაძის ადვოკატმა მარიამ კალანდაძემ მას შემდეგ, რაც ხუსკივაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა.
პროცესზე მოწმედ მისული პოლიციელი გიორგი ბერაია ამბობდა, რომ ხუსკივაძემ მათ უზრდელები დაუძახა, რაც შეურაცხყოფად მიიჩნიეს.
„არც უზრდელი, არც მონა მე მისთვის არ მიწოდებია… ქალებს როგორ ექცევი-მეთქი, ვუტხარი მემანიშვილს, რა ოჯახში ხარ გაზრდილი-მეთქი!” – თქვა ქეთი ხუსკივაძემ და დაამატა, რომ დაკავებისას პოლიციის ავტომობილში ჩასმისას მემანიშვილმა მას შეაგინა.
ჩემი პოზიცია ასეთი არის, როდესაც ხედავ, რომ ადამიანებს, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში აყენებენ ადამიანი, რომელსაც აცვია მუნდირი. ეს არის პირდაპირ შეურაცხყოფა, როგორც ამ სისტემის, ისე ნებისმიერი ადამიანის, რომელიც იქ დგას და თუნდაც ძალიან დემოკრატიულ პროცესში ჩართული, რაღაცას აკეთებს.
მე დავინახე, რომ ჩემი დის სიცოცხლეს საფრთხე ექმნებოდა. შეუქმნა გოგა მემანიშვილმა. ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ მე სამართლადამცველი უნდა ვუწოდო ადამიანს, რომელმაც ერთ დღეს ერთი და გალახა და სცემა, მეორე დას აგინა დედა და დააკავა.
თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, 25 წელზე მეტი… ერთ დღეს ჩავიცვი ტანსაცმელი, გამოვედი, ლექციები ჩავატარე და ასე გადავწყვიტე, ახლა მივდივარ და რომელიმე სამართალდამცველს ავდგები და შეურაცხყოფას მივაყენებ?! როგორ წარმოგიდენიათ, ეს რა ქვეყანაა, ან სად არის აქ სამართალი?!“, – თქვა სასამართლო პროცესზე ქეთევან ხუსკივაძემ.
ქეთევან ხუსკივაძე მთარგმნელი და თსუ-ს ლექტორია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მის დაკავებას არ გამოხმაურებია, მხოლოდ დღეს, რამდენიმე ლექტორმა და სტუდენტმა სპონტანური აქცია გამართეს მის მხარდასაჭერად უნივერსიტეტის პირველ კორპუსში.
რაც შეეხება ნინო ბარძიმაშვილს, ისიც მთარგმნელი და მასწავლებელია, მოყვარული ველოსიპედისტი და მთამსვლელი – მისი დაკავების კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები ჰაერში აწეულს მიარბენინებენ დაკავების მანქანისკენ.
სასამართლო პროცესზე ორივე დაკავებულმა უარი თქვეს ბრალდებულის სკამზე დაჯდომაზე – ისინი განხილვას ფეხზემდგომები ესწრებოდნენ.
19 ნოემბერს პოლიციამ სულ 12 ადამიანი დააკავა. მათ საქმეებს სასამართლოში ძირითადად დავით მაკარიძე განიხილავს მცირე დარბაზში, რის გამოც დაკავებულების მხარდასაჭერად მისულ მოქალაქეებს პროცესებზე დასწრების საშუალება არ ეძლევათ.
21 ნოემბრის 21 საათისთვის 19 ნოემბერს დაკავებულთაგან ცნობილია რამდენიმე საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება:
· ელენე ბერიკაშვილს 4 დღიანი და გია ჯვარშეიშვილს 7 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ.
· 5 დღიანი პატიმრობა შეეფარდა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტს, ხალიბეგ მაგამედოვს.
· 4 დღიანი პატიმრობა შეეფარდა მარიკა სვანიძეს – ის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, სამხედრო ატაშეების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ლევან კურცხალიას მეუღლეა. კურცხალია 2025 წლის ზაფხულში სამინისტროდან “რეორგანიზაციის” სახელით გაათავისუფლეს საქართველოს თავდაცვის ძალებში 31 წლიანი სამსახურის შემდეგ.
· 5 000 – 5 000 ლარით დააჯარიმდნენ გიორგი ჟამერაშვილი და რეზი დუმბაძე.
· 5 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა დავით გუნაშვილსაც.
· 3 200 ლარიანი ჯარიმა დააკისრა მოსამართლემ ნელი დიასამიძეს – ის აქტივისტ მეგი დიასამიძის დაა, რომელსაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბზე ბანერის დაზიანებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულზე აქვს ბრალი წაყენებული და გირაოს სანაცვლოდ არის თავისუფალი.
ფორუმი