თუ ჩვენ არ გვყავს ნეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, თუ მურუსიძის სასამართლომ საარჩევნო დავები უნდა განიხილოს, თუ შედეგები წინასწარ არის დაწერილი, ეს ხომ არ იქნება არჩევნები?! უნდა შევთანხმდეთ მთავარ პრინციპზე, რა არის ის მინიმალური, რომლის შემდეგაც ჩვენ მას შეიძლება არჩევნები ვუწოდოთ და კი ბატონო, ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა. მაგრამ თუ ივანიშვილის რეჟიმი ამაზე არ მოდის, მაშინ არავის „გამპრავებლად“ ჩვენ არ უნდა ვიქცეთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, გიორგი კირთაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
კირთაძის თქმით, ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ზეწოლას გააძლიერებს.
„თუკი იქნება ამ ქვეყანაში არჩევნები, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, ოღონდ, მთავარია ჩვენ გვქონდეს არჩევნები. ის, რაც იყო ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეგ არჩევნები არ ყოფილა. სადაც წინასწარ იყო შედეგები ცნობილი, სადაც არ არსებობდა დამკვირვებელი, სადაც დევნიან ოპონენტებს, სადაც განსხვავებულ აზრს უპირისპირდებიან, სადაც საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალებას არ გაძლევენ, ამას არ შეიძლება ეწოდოს არჩევნები.
მე მიმაჩნია, რომ ყველა პროდასავლური პოლიტიკური აქტორი უნდა შეთანხმდეს იმ მინიმალურ სტანდარტზე, რომლის არმიღების შემთხვევაში ეს უბრალოდ არჩევნები აღარ იქნება. თუ ჩვენ არ გვყავს ნეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, თუ ჩვენ ვიცით, რომ ისევ მურუსიძის სასამართლო გვაქვს, რომელმაც საარჩევნო დავები უნდა განიხილოს, თუ ჩვენ ვიცით, რომ შედეგები წინასწარ არის დაწერილი, ეს ხომ არ იქნება არჩევნები?! მოდით, ყველამ ერთად ვისაუბროთ და შევთანხმდეთ მთავარ პრინციპზე, რა არის ის მინიმალური, რომლის შემდეგაც ჩვენ მას შეიძლება არჩევნები ვუწოდოთ და კი ბატონო, ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა. მაგრამ თუ ივანიშვილის რეჟიმი ამაზე არ მოდის და ის არჩევნებს არ გვიტარებს, მაშინ არავის „გამპრავებლად“ ჩვენ არ უნდა ვიქცეთ.
თუ ჩვენ რეჟიმს რაიმე ფორმით ვაძლევთ სტატუს-კვოს შენარჩუნების საშუალებას და მას ვაძლევთ ლეგიტიმაციას, ამას ეწირება ჩვენი ქვეყნის მომავალი ბევრი ათწლეულის განმავლობაში.
მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთ მშვენიერ დღეს კარგ ხასიათზე გაიღვიძებს და იტყვის, მართლა დემოკრატიული არჩევნები ჩავატაროთ ამ ქვეყანაშიო. ასეთი რამ არ მოხდება. ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იძულებით ქართველი ხალხის მიერ. თუ ეს წინააღმდეგობა და პროტესტი ივანიშვილის მიმართ იქნება კიდევ უფრო მაღალი ხარისხის, მაღალი მუხტის, ბევრად უფრო მრავალფეროვანი, მაშინ მას აუცილებლად მოუწევს უკან დახევა“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.




