თბილისში გორიდან მოვლენილი მოსამართლის პირველი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები

მოსამართლე დავით მაკარაძემ, 21 ნოემბერს, 21 წლის სინდისის პატიმრის, მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე პოლიციის შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის საბაბით ძალადობრივად დაკავებული 13 დემონსტრანტიდან 9 მათგანის საქმეზე იმსჯელა და ცხრავე სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე დავით მაკარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში და მიმდინარე პოლიტიკური მოტივით დაკავებული ადამიანების საქმეებში ახალი კადრია. ის მხოლოდ ნოემბრიდან, მივლინების საფუძველზე ახორციელებს მოსამართლის უფლებამოსილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გორიდან გადმოვიდა. თუმცა საგულისხმოა, რომ გორში ის 2021 წლიდან არის სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. თბილისში კი ადმინისტრაციული საქმეები აბარია. 2020-2021 წლებში ის ადვოკატის საქმიანობასაც ეწეოდა.
სწორედ დღეს, 21 ნოემბერს, ის პირველად გამოჩნდა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში. სხვადასხვა რაოდენობით დღით პატიმრობა დააკისრა დემონსტრანტებს, ზოგს ჯარიმა დააკისრა.
9 დემონსტრანტის საქმე 5 სხდომაზე გადანაწილდა. სასამართლოს სამუშაო დროს მნიშვნელოვნად გასცდა 2 სხდომა. ჯერ მთარგმნელების ქეთევან ხუსკივაძისა და ნინო ბარძიმიშვილის, შემდეგ კი ინგლისურის პედაგოგის, ნინო გუდაშვილისა და სტუდენტ ვასო ბერიძის.
ქეთევან ხუსკივაძეს 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ნინო ბარძიმიშვილს კი — 2-დღიანი პატიმრობა. სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა ქეთევან ხუსკივაძე. დღესვე სასამართლოდან გათავისუფლდება ნინო ბარძიმიშვილი, რამდენადაც დაკავების მომენტიდან 48 საათი სწორედ დღეს საღამოს გადის.
19 ნოემბერს დაკავებიდან მალევე გახდა ცნობილი, რომ ქეთი ხუსკივაძეს პირადად საპატრულო პოლიციის უფროსმა, გოგა მემანიშვილმა მიაყენა შეურაცხყოფა. დააკავა რამდენიმე პოლიციელმა ძალის გამოყენებით. თუმცა პირიქით, ქეთი ხუსკივაძეს ედავებოდა პოლიციის შეურაცხყოფას. ნინო ბარძიმიშვილს კი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
„უზრდელებოო, გვიწოდა ფორმიანებს, როცა მოვუწოდებდით. სხვა რამე, ქალისთვის შეუფერებელი არ უკადრია“, — თქვა მოწმედ მოყვანილმა, ქეთევან ხუსკივაძის დამკავებელმა პოლიციელმა.
სხდომაზე ასევე მოწმედ გამოძახებულმა ქეთევან ხუსკივაძის დამ და თავად ქეთევანმა დეტალურად აღწერეს დაკავების ეპიზოდი. მათი თქმით, საპატრულო პოლიციის უფროსმა გოგა მემანიშვილმა პოლიციელებს მოუწოდა დემონსტრანტებზე, რომ ისინი ტროტუარზე „გადაეთრიათ“. თავად კი პირადად ფიზიკურად შეეხო და ხელი ჰკრა ქეთი ხუსკივაძის დას, რომელიც ბორდიურზე მიდიოდა. ამ დროს გადაასწრო მათ წინ ისედაც ტროტუარზე მიმავალმა ქეთი ხუსკივაძემ და გოგა მემანიშვილს მიმართა, — „რა ოჯახში ხარ გაზრდილი, როგორ ექცევი გოგოებს?!“ ქეთი ხუსკივაძის თქმით, ამას მოჰყვა მემანიშვილის მხრიდან მისი დაკავების ბრძანება, მუქარა და გინება.
ვიდეო, რომელიც ქეთი ხუსკივაძის წინააღმდეგ წარმოადგინეს -დან თინათინ კაჭკაჭიშვილმა და თეკლე მ, მას საერთოდ არ ასახავს. ნინო ბარძიმიშვილის წინააღმდეგ მოტანილ ვიდეოში ჩანს, როგორ ეძახის მონებს ნინო ბარძიმიშვილი პოლიციელებს მათი ძალადობრივი ქმედებების საპასუხოდ.
ქეთი ხუსკივაძე თსუ-ის ლექტორი, ისპანისტი და მთარგმნელია. მისი თარგმნილია ქართულ ენაზე გაბრიელ გარსია მარკესის „შევხვდებით აგვისტოში“ და სხვა ესპანურენოვანი ტექსტები. მთარგმნელია ნინო ბარძიმიშვილიც. ინფორმაციისთვის, მისი თარგმნილია „დიუნი“. კარლოს კასტანედას ორი ტექსტი და არაერთი სხვა ავტორის პუბლიცისტური და დოკუმენტური პროზა.
ქეთი ხუსკივაძისა და ნინო ბარძიმიშვილის შემდეგ ინგლისური ენის პედაგოგ ნინო გუდაშვილისა და ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტ ვასო ბერიძის საქმეები გაერთიანდა. პედაგოგს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და მათ შეურაცხყოფას ედავებოდნენ. სტუდენტს — მხოლოდ დაუმორჩილებლობას.
შსს-ს თავისი პრეტენზია მოქალაქეებთან არც ამ შემთხვევაში გაუმყარებია ურყევი მტკიცებულებებით. „ცისფერ მთებში თუ ვართ, ესეც პირდაპირ გვითხარით“, — იყო რეპლიკა ადვოკატის მხრიდან მოსამართლის მიმართ.
„მე რომ მართლა მნდომებოდა რამის თქმა, ვიტყოდი, მაგრამ არ მითქვამს. ძალიან გაბრაზებული ვარ, რომ გამოკეტილი ვყავდი არაფრის გამო. გამაცდენინეს გაკვეთილები სკოლაში. მომადგა რეპუტაციული ზიანი. დამიბრუნონ ჩემი 48 საათი უკან“, — თქვა ნინო გუდაშვილმა სხდომაზე მოსამართლის გადაწყვეტილებამდე.
გადაწყვეტილება მოსამართლემ ღამის 22:09 საათზე გამოაცხადა. პედაგოგ ნინო გუდაშვილს — 2000-ლარიანი ჯარიმა; სტუდენტ ვასო ბერიძეს — 4-დღიანი პატიმრობა.
21 ნოემბერს, ჯერ კიდევ დღის სამუშაო საათებში მოსამართლე მაკარაძემ იმსჯელა 19 ნოემბერს დაკავებული რამდენიმე სხვა მოქალაქის საქმეზე:
· 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა სტუდენტს, ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის წევრს, ხალიბეგ მაგამედოვს.
· 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა აქტივისტ გიორგი ჟამერაშვილს.
· 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა აქტივისტ რეზი დუმბაძესაც.
· 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ფსიქოლოგ ელენე ბერიკაშვილს.
· 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა სამოქალაქო აქტივისტს, შშმ პირთა უფლებადამცველს, გია ჯვარშეიშვილს, რომელიც მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მიმდინარეობისას უკვე არაერთხელ იყო დაკავებული, დაჯარიმებული და პოლიციელების მხრიდან ძალადობის მსხვერპლიც.
18 ოქტომბრიდან „ოცნების“ რეჟიმმა კიდევ უფრო გაამკაცრა ისედაც რეპრესიული რეგულაციები პროტესტის ჩასახშობად. მას შემდეგ, „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით, ასზე მეტი ადამიანი დააკავეს და სხვადასხვა ხანგრძლივობის, 1-დან 15 დღემდე პატიმრობაში გაუშვეს. ახალი რეგულაციებით, განმეორებით გზის გადაკეტვაზე [თუ პირველი გადაკეტვის მერე პატიმრობა უკვე მოხდილი აქვს პირს], სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება და 1 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ჯერჯერობით ერთადერთი ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო პროტესტში მონაწილეობის გამო და გზის გადაკეტვის საბაბით, ზურა მენთეშაშვილია. ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ზურა მენთეშაშვილი დაკავების შემდეგ, პირველი ნოემბრიდან შიმშილობს.
18 ოქტომბრიდან, ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან, არაერთი დემონსტრანტი დააკავეს ძალადობრივად პოლიციის შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის საბაბით, მათ შორის, ტროტუარებიდან გატაცებით, სწორედ იმ ეპიზოდებში, როდესაც აქციებისას რუსთაველზე თუ მარშების მიმდინარეობისას პოლიცია გადადიოდა ძალადობრივ ქმედებებზე და დემონსტრანტების მიმართ აგრესიაზე, როგორც ეს 19 ნოემბერს, მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე 13 ადამიანის დაკავებისას მოხდა.