„FMCG ბაზრის 10%-იანი ზრდის მიზეზი სხვადასხვაგვარია“ – თორნიკე ტურიაშვილი

FMCG-ის სექტორს (პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობა) წინა წელთან შედარებით საკმაოდ მნიშვნელოვანი 10%-იანი ზრდა ჰქონდა. როგორც გაყიდვების ასოციაციის ბორდის წევრი თორნიკე ტურიაშვილი გადაცემა “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნავს, ზრდის მიზეზი სხვადასხვაგვარია, ერთ-ერთ მოტივად კი ეკონომიკური ფაქტორები სახელდება.
როგორც თორნიკე ტურიაშვილი განმარტავს, ბიზნესს მომხმარებელი ძალიან ბევრ რამეს “კარნახობს”, ხოლო FMCG ბაზარს ხელი მომხმარებლის პულსზე აქვს დადებული.
“ციფრებით ბევრი რამის წაკითხვა და ანალიტიკის გამოტანა შეგვიძლია. პირველ რიგში, გასულ წელთან შედარებით, სწრაფად ბრუნვად პროდუქტებზე ( (პირველადი მოხმარების პროდუქცია) საკმაოდ მაღალი ზრდაა. გასულ წელს პროგნოზი 8%-ი იყო, თუმცა აღნიშნულ მაჩვენებელს გადავაჭარბეთ და 10%-იანი ზრდა გვაქვს. ამის მიზეზები სხვადასხვაგვარია, ერთ-ერთი ეკონომიკური ფაქტორებია, როგორიცაა ინფლაცია, მეორე კუთხით რეგიონალური ექსპანსია. ასევე შეიძლება ხაზი გავუსვათ დიდ ჰოლდინგურ გაერთიანებას, რომელიც ამ სექტორში შარშან ჩამოყალიბდა და ახალი ინიციატივები წარმოშვა, როგორც რეგიონალური განვითარების დონეზე, ასევე თბილისის მასშტაბით.
ბიზნესს მომხმარებელი ძალიან ბევრ რამეს კარნახობს. შესაბამისად, FMCG ბაზარს ხელი მომხმარებლის პულსზე აქვს დადებული და განვითარების სტრატეგია ასე იგეგმება”, – აღნიშნავს გაყიდვების ასოციაციის ბორდის წევრი.
თორნიკე ტურიაშვილი რეგიონების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ რეგიონებში ქსელების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
“რეგიონებში ქსელების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი – ქვეყანაში ტურისტული ნაკადები გაზრდილი იყო და განსაკუთრებული აქტიურობა იგრძნობოდა. რაც შეეხება ბრენდული FMCG-ის ბიზნესების რეგიონალურ ექსპანსიას, ერთი მხრივ მოთხოვნაა ადგილობრივ ბაზარზე, რომ სხვადასხვა სახის პროდუქტი ერთ ლოკაციაზე იყოს გაერთიანებული. ამასთან, მომხმარებლის აღქმა დროსა და ფულზე საკმაოდ შეიცვალა. კერძოდ, მომხმარებელს მათ შორის რეგიონებში ურჩევნია დრო სხვადასხვა ობიექტზე სიარულში არ დახარჯოს”, – აცხადებს ასოციაციის წარმომადგენელი.
წყარო: ბიზნესპარტნიორი