მედია: კორუფციული სკანდალები მერიაში – დადგება თუ არა კალაძის პასუხისმგებლობის ჯერი? (ვიდეო)

კალაძეს მერიის წინააღმდეგ გამოძიება დაავიწყდა. არადა, სკანდალური საქმის მასალები სასამართლოს არქივში ინახება. საქმე ეხება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის განჩინებას, რომელმაც დააყადაღა ქონება, რომელიც თბილისის მერიამ ერთ ბიზნესმენს მიწის მონაცვლეობით გადასცა. ახლა ცნობილი გახდა, რომ აკადემქალაქში მდებარე ეს მიწა სახელმწიფოს ბალანსზე დაბრუნდა – სწორედ პროკურატურის მოთხოვნის შემდეგ.

საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაბრუნდა ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში, თუკი მერიის განმარტებით, მიწის გადაცემის პროცედურები კანონიერად იყო განხორციელებული.

ბოლო რამდენიმე დღეში თბილისის მერია ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელ კორუფციულ საქმეშიც ფიგურირებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასაფლაოებზე ადგილი ჰქონდა უკანონო გარიგებებს. შემდეგ ფინანსურმა პოლიციამ დააკავა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი, რომელსაც გარემოვაჭრეებისთვის ფულის გამოძალვას ედავებიან.

ფაქტზე გარემოვაჭრეები „პირველებთან“ აცხადებენ, რომ ვაჭრობის სანაცვლოდ გადასახადი მათთვის არასდროს მოუთხოვიათ. „პირველის“ მიერ გამოკითხული რამდენიმე მოვაჭრე აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ამავე დროს, იკვეთება კითხვა, იყო თუ არა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლის დაკავება ერთეული შემთხვევა, თუ საქმე უფრო ფართო პროცესთან არის დაკავშირებული.