საქართველოს ნაკრების მეტად წარმატებული ევროპირველობის შემდეგ იმედი გაჩნდა, რომ პროგრესი გაგრძელდებოდა, ერთა ლიგის B გათამაშებაც კარგად დაიწყეს, თბილისში ჩეხეთს 4:1 მოუგეს, ტირანაში ალბანეთს 1:0, რასაც ჩავარდნა, 3 წაგება და 1 ფრე მოჰყვა, ქვედა დივიზიონში დაქვეითებას პლეი-ოფში სომხეთის ძლევით (3:0, 6:1) გადაურჩნენ და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საოცრად რთულ ჯგუფში მოხვდნენ, თორემ შეიძლებოდა მთლად ასეთ სავალალო მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყვნენ. რას იზამ, ხან გაგიმართლებს, ხან – არა.
ბოლო 4 მატჩი ჩვენმა გუნდმა საერთო ანგარიშით 2:21 დათმო და სრულად დეზორგანიზებულია. მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე ფაქტიურად აღიარა, რომ გუნდზე კონტროლი დაკარგა. ეს მრავლისმეტყველია და შესაძლოა, მისი წასვლის დრო მოვიდა. ყველგან ასეა – მწვრთნელები აგებენ, ფეხბურთელები იგებენ, ჩვენში კი მწვრთნელი მუდამ განსაკუთრებულად ყველაფერში დამნაშავეა, სპორტის ნებისმიერ სახეობაში. გაიხსენეთ თუნდაც იგორ კოკოშკოვის, ილიას ზუროსის, ლევან მაისაშვილისადმი დამოკიდებულება, აღარაფერს ვამბობ ვლადიმერ ვაისზე. თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სანიოლის გაშვება ასე იოლი არ არის. ჯერ ერთი, ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, სამუშაოდან დათხოვნის შემთხვევაში გვარიანი კომპენსაციის გადახდაა საჭირო და რაც მთავარია, მისი შემცვლელის მოძებნა. თანაც, ვინ დათანხმდება ასეთ მდგომარეობაში მყოფი გუნდის ჩაბარებას და ვინ მოისურვებს საკუთარი ნებით ეშაფოტზე ასვლას? მასაც პირველივე მარცხისას ხომ უმალ დაუწყებენ კრიტიკას და ლანძღვა-გინებას. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ფრანგი სპეციალისტის გადაყენების გადაწყვეტილება არასაფეხბურთო, სულ სხვა დონეზე უნდა მიიღონ, სადაც მისი მუშაობით კმაყოფილები არ უნდა იყვნენ. ერთი სიტყვით, ვართ ასეთ რთულ სიტუაციაში, სანიოლთან ერთად და სრულ გაურკვევლობაში.
ყველაფრის მასზე გადაბრალებაც არაა მართებული და ძველი დამსახურების დავიწყებაც არ შეიძლება. უმადურობა უდიდესი ცოდვაა და თავისი წილი პასუხისმგებლობა ფეხბურთელებმა უნდა აიღონ, ხოლო ეს „წილი“ რბილად რომ თქვათ, საკმაოა. დავუშვათ და დათანხმდა ვინმე ძალიან მაღალი დონის სპეციალისტი „ჯვაროსნების“ ჩაბარებაზე, შეძლებს ის ამ კონტიგენტით ვითარების სწრაფად და რადიკალურად გამოსწორებას? რაღაც ეჭვი მეპარება. რატომღაც გვგონია, უმაღლესი კლასის მოთამაშეები გვყავს და მათ სერიოზული მიზნების მიღწევა ძალუძთ, მაგრამ ეს სამწუხაროდ, ასე არაა. კი ბატონო, ჩვენი 10 ფეხბურთელი ევროპის ტოპ 5 ლიგაშია, რაც შესანიშნავია, მაგრამ რაოდენობა ჯერ ხარისხში ვერ გადაიზარდა. სიცხადისათვის ნოემბერში გამოძახებულთა სიას სატრანსფერო ღირებულებები დავურთე და წერილის ბოლოში თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ, ვინ როგორ ფასობს. რატომღაც ფეხბურთელების კრიტიკას ვერიდებით, ეს ერთგვარად ტაბუდადებული თემაა და მათ გარდა ყველას დამნაშავედ ვაცხადებთ. ვიქნები არაპოპულარული და შევეცდები ჩემი განსხვავებული მოსაზრება არგუმენტებით დავამტკიცო.
იმავე Transfermarkt-ის მონაცემებით კარგად ჩანს საკადრო პრობლემა და ფეხბურთელთა დონეში უზარმაზარი სხვაობა. უკეთესი შედეგის მისაღწევად მეტი ბალანსია საჭირო. გაიხსენეთ 80-იანი წლების „დინამო“, სადაც ბურთთან ყველა „შენობით“ იყო, ყველა ვარსკვლავი არ გახლდათ, თუმცა საერთო ანსამბლიდან არავინ ვარდებოდა, დომინირებდნენ, თამაშს აკონტროლებდნენ, მეტოქეზე იქით ახდენდნენ ზეწოლას და ერთი და ორი ვარსკვლავის გამოკლება სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენდა. დღევანდელი ფორმაციის ეროვნულ გუნდს მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს, საკმარისია ვინმემ ტრავმა მიიღოს და უმალ კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით. გვყავს უსუსტესი დაცვა და მასზე უარესი ნახევარდაცვა. ნათქვამია – მითხარი როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი როგორი გუნდი გყავს. დიახ, დიახ, მთავარი პრობლემა შუახაზია, რომელიც ბურთს ვერ იჭერს და გუნდი დროის უმეტეს ნაწილში თავის საჯარიმოსაა მიჯაჭვული. ერთადერთი, ვისაც ცენტრში ბურთის მიღება, შენარჩუნება, მეტოქის ნახევარზე გადასვლა, ტემპის დარეგულირება და სრულფასოვანი შეტევის წამოწყება ეხერხება, გიორგი ჩაკვეტაძეა. ის არაა ყველაზე ძვირფასი მოთამაშე, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანია, თვით ხვიჩა კვარცხელიაზე მეტადაც, ვინაიდან „ჩაკვეს“ შემცვლელი უბრალოდ სხვა არავინაა. როდესაც გიორგი მოედანზე არაა, თავდამსხმელებს უკან ჩასვლა უწევთ, რამეთუ მათთვის დროულად პასის გამკეთებელი არავინაა.
ჩვენ ხშირ შემთხვევაში ჩვენს ფეხბურთელებზე გადაჭარბებული შეხედულებები და მოლოდინები გვაქვს. ლეგიონერების ყოველი მატჩის შემდეგ უმეტესად იწერება: შეცვალეს, შეცვლაზე შევიდა, სათადარიგო იყო და ანალიტიკური საიტების შეფასებებსაც გაცნობებთ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მთლად სახარბიელო ვერაა.
გამოსავალი? ვართ იმ მდგომარეობაში, როგორშიც ვართ. სამწუხაროდ, ვერც ასაკობრივი ნაკრებები გვახარებენ, ყოველი შემდგომი თაობა მათ წინაზე უფრო დაბალი დონის შემსრულებლებითაა დაკომპლექტებული და მაინც, რაღაც გამოსავალი უნდა მოიძებნოს, იმ რესურსის მაქსიმალურად გამოყენებაა აუცილებელი, რაც გაგვაჩნია. მაგალითად, გერმანიასთან დაპირისპირებაში ახალგაზრდული ნაკრებიდან რიგ ეპიზოდებში ურიგოდ არ გაისარჯნენ მცველები გიორგი გვასალია და საბა ხარებაშვილი (ორივე თბილისის დინამო). მათთვის შანსის მიცემა და გამოცდა ღირს, სხვებისთვისაც. სანიოლმა მეტი უნდა იმუშაოს და საქართველოში უფრო ხშირად ჩამოვიდეს და არა ისე, როგორც ახლაა – შორეული ნათესავივით რომ მოგვინახულებს, ხანდახან. ფედერაციასაც გულშემატკივრებისთვის მეტად მართებს ანგარიშის გაწევა, ინფორმაციის მიწოდება, ელემენტარული კომუნიკაცია, თორემ დაემსგავსა ნაკრები რაღაც ჩაკეტილ, მკაცრად გასაიდუმლოებულ სამხედრო ობიექტს. ეროვნული გუნდი ერისაა და მის შესახებ მეტი ინფორმაცია გვჭირდება, ათიათასობით გულშემატკივარი, რომელიც მათ საქომაგოდ გერმანიაში წავიდა (ბევრმა ამისათვის სესხიც აიღო), რომელიც სტადიონზე ოჯახებით მიდის, ელემენტარულ პატივისცემას იმსახურებს.
ნოემბრის მატჩებისთვის გამოძახებული ფეხბურთელები და მათი სატრანსფერო ფასები
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, 28.0 მილიონი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, 0.9), დავით კერესელიძე (დილა, 0.35)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, 2.0), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, 1.5) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, 3.5), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, 6.0), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, 0.45), ილია ბერიაშვილი (მტკ, 0.5)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, 6.0), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, 6.0), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, 1.5), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, 0.5), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, 0.6), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, 0.65), გაბრიელ სიგუა (ლოზანა, 2.0), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, 0.7), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, 2.0), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, 9.0), გიორგი აბუაშვილი (მეცი, 1.0), იური ტაბატაძე (კადისი, 1.0), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, 90.0), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, 2.0), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, 1.5), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, 1.5), გიორგი ქვილითაია (არისი, 1.2)
მიმომხილველი
“საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება” – Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
“დომინოს ეფექტი” სანიოლისთვის – სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
წლის ბოლო მატჩის დღე სატურნირო მოტივაციის გარეშე!..
სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა
“საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება” – რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?



