სლოვენიის რესპუბლიკის დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს დირექტორის, გორაზდ ჩიბეის მიწვევით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი, 20-21 ნოემბერს, ქალაქ ლუბლიანაში გამართულ ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის ქვეყნების (CEET – Central, Eastern Europe and Transcaucasia) დაზღვევის ზედამხედველთა მორიგ შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც ეძღვნება თემას: ხარვეზების გადალახვა – მდგრადობა, რისკი და ინკლუზია რეგიონულ სადაზღვევო ბაზარზე.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა მოიცავს სამ სესიას, რომელიც დაეთმო შემდეგ თემებს: მომხმარებლის დაცვის გაძლიერება სადაზღვევო ბაზარზე, სოფლის მეურნეობის დაზღვევის განვითარება ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონში და გადახდისუნარიანობა 1-ის სისტემიდან გადახდისუნარიანობა 2-ის სისტემაზე გადასვლა.
„დავით ონოფრიშვილმა, მონაწილეობა მიიღო მესამე სესიის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომლის მოდერატორი იყო ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი, კარელ ვან ჰულე. დავით ონოფრიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო გადახდისუნარიანობა 2-ის სისტემაზე გადასვლის მიზნით, სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული გამოწვევები, რომელიც დაკავშირებულია ბაზრის ზომასთან, მომავალი სისტემური ცვლილებების აუცილებლობასთან, კვალიფიციური კადრების სიმცირესა და ინდუსტრიის მზაობასთან.
შეხვედრაზე სპიკერებსა და პანელისტებს შორის იყვნენ: ავსტრიის საფინანსო ბაზრის საზედამხედველო უწყების (FMA) მმართველი დირექტორი დაზღვევისა და საპენსიო ზედამხედველობის მიმართულებით პეტერ ბრაუმულერი, სლოვენიის რესპუბლიკის დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს დირექტორი გორაზდ ჩიბეი, ალბანეთის საფინანსო ზედამხედველობის უწყების სადაზღვევო ბაზრის ზედამხედველობის დირექტორატის ხელმძღვანელი მარსელა ვასკა და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს დირექტორი ივან ლუბურიჩი.
შეხვედრებისას მონაწილეთა მიერ გაზიარებული ექსკლუზიური პრეზენტაციები ხელს შეუწყობს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს ფლობდეს რეგიონის ფარგლებში დაზღვევის სფეროში არსებული პრობლემების და გამოწვევების რეგულირების შესაძლებლობებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას, გაითვალისწინოს საუკეთესო ევროპული გამოცდილება და გამოიყენოს საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებისა და შესაბამისი საზედამხედველო მიდგომების დახვეწისათვის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.




