“წაიკითხეთ, ეს ჩვენს ბავშვებს ეხება” – ნაზიბროლა რეხვიაშვილი

არ დაგეზაროთ, წაიკითხეთ, ჩვენს ბავშვებს ეხება და ბოლოს და ბოლოს, საჭიროა ამ თემაზე დისკუსია!
თქვენი მოსაზრებები საინტერესოა. პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ: არასრულწლოვნები დანაშაულს იმიტომ ჩადიან, რომ უფროსები რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. მათი მკაცრად დასჯით, დანაშაული არ შემცირდება! ჩემი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რას უნდა აკეთებდეს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის სახელმწიფო, რომლის გადაწყვეტილებების მიზანიც არის პრევენცია და არა – დასჯა (კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კადრებით დაკომპლექტებული უწყებების გათვალისწინებით): აფასებს ბავშვს სწრაფად – სოციალური გარემო, ეკონომიკური ფაქტორები, ოჯახი, სკოლა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, რისკები, საფრთხეები. წერს ქულებს. ამას აკეთებს სკოლა, პოლიცია, სოციალური სამსახური, არასმთავრობოები (რომლებიც სადღა გვყავს, მოგვგუდეს ბოლომდე, სადაცაა). ქულების შესაბამისად, იწყებს რეაგირებას. თუ ქულა მაღალია – სასწრაფოდ! შემდეგი ეტაპი უნდა იყოს ინდივიდუალური რეაბილიტაცია. ამის გამოცდილება აქვთ განვითარებულ ქვეყნებს და რაც უფრო განვითარებულია სახელმწიფო, მით უფრო პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს. ზოგადად, საზოგადოების გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელი შეუწყოს არასრულწლოვნების რესოციალიზაციას, სწორი მიმართულებით განვითარებას და არა – მისი იზოლირება და სადმე გამოკეტვა, თუნდაც 1 თვით. გამოკეტვის შემთხვევაში, კონფლიქტში მყოფი ბავშვები არიან ერთ სივრცეში და მაღალია რისკი, რომ ისინი გააგრძელებენ იმ უნარების გამოყენებას, რომლებსაც მანამდე ქუჩაში იყენებდნენ. ინდივიდუალური რეაბილიტაცია მოიცავს ფსიქოთერაპევტის ჩართულობას, ტრენინგებს, ემოციების, მათ შორის, აგრესიის კონტროლს, დიალოგის წარმართვის უნარებს, რაც ეხმარება მოზარდს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში. ასევე მნიშვნელოვანია, მოზარდს აღმოაჩენინო ის, რაც მას აინტერესებს და საგანმანათლებლო პროცესი დაგეგმო მისი ამ მიმართულებით განვითარებისთვის, იქნება ეს აკადემიური განათლება, პროფესიული უნარები თუ სხვა. განსაკუთრებული როლი ენიჭება ოჯახის ჩართულობას. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, ხშირია ოჯახური ძალადობა ბავშვებზე, ძალადობა ქუჩაში და სკოლაში, ხოლო რეფერირების ხელშეკრულება, ფაქტობრივად, არ მუშაობს, სწორედ ამ მიმართულებით იქნება ყველაზე რთული და ინტენსიური სამუშაო. თუ ბავშვი ყოველ ჯერზე ბრუნდება ოჯახში, სადაც მასზე ძალადობენ, ის კვლავ გარბის ქუჩაში. ასე ხდება სკოლის შემთხვევაშიც, სადაც მოსწავლეს გაძლება არ შეუძლია. ასეთ მშობელთან/წარმომადგენელთან მუშაობას თუ შედეგი არ მოაქვს, სახელმწიფო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს დაიცავს. არსებობს პრაქტიკა, როცა კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვსა და მსხვერპს შორის შეხვედრას აწყობენ, შესაბამისი წესების დაცვით, რაც პასუხისმგებლობის გრძნობის გამოწვევის საშუალებაა. არ ვიცი, სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, რამდენად აქვს სასურველი ეფექტი. კარგი შედეგი აქვს სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის, მოზარდის ინტერესის გათვალისწინებით, საწარმოებთან თანამშრომლობას, წამახალისებელ სტიპენდიას, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას, პრაქტიკული პასუხისმგებლობის დაკისრებას მოზარდზე და ა. შ. გვაქვს განრიდების პრაქტიკა, რომელიც, როგორც ბევრი რამ ამ ქვეყანაში, ფასადურია. ამიტომ, რაც დაიგეგმება, უნდა განხორციელდეს არა ფურცელზე, არამედ – რეალურად. ქუჩაში მყოფი ბავშვებისთვის აუცილებლად უნდა არსებობდეს ისეთი ღია დღის ცენტრები, სადაც მათ ექნებათ კვებისა და ჰიგიენის სივრცეები, ასევე მიიღებენ განათლებას, იძულების გარეშე, რაღაც გამოწვევის ან წამახალისებელი მიდგომებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოზარდი ქუჩაში გასვლას აირჩევს. ბათუმში შესანიშნავად იმუშავა „იალქანმა“ და ახლაც მუშაობს. არაერთი მოზარდი გამოარიდა ქუჩას და მისცა ჯანსაღი და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარები. ამის პარალელურად, უნდა შეიქმნას მონაცემთა ბაზა, რომელიც იქნება დაცული, განახლებადი. ასევე მომზადდეს ანგარიშები, გამოიკვეთოს პროგრამის დადებითი და უარყოფითი ფაქტორები. რაც შეეხება ჩართულ მხარეებს: განათლება, სკოლები (მასწავლებელი, ფსიქოლოგი), ისინი იქნებიან პირველი რგოლი, რომლებიც პასუხისმგებლობას აიღებენ სკრინინგზე და შემდგომ რეფერირებაზე – ამის მსგავსი უკვე გვაქვს, მაგრამ არ მოვყვები, როგორ მუშაობს და მუშაობს, თუ – არა საერთოდ; სოციალური სერვისები – ოჯახებთან მუშაობა; – თერაპია, როგორც ინდივიდუალური, ისე – ჯგუფური; პოლიცია და სასამართლო – არა დასჯისა და სტიგმატიზების მიზნით, არამედ პრევენციულად (თუ დანაშაული მძიმეა არაა); არასამთავრობო ორგანიზაციები – ტრენინგი, რესურსებით დახმარება, სხვადასხვა სერვისის მიწოდება, მათ შორის, დღის ცენტრების შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის. და ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს დეცენტრალიზებულად, მუნიციპალიტეტების დონეზე. გავიმეორებ: პროგრამა იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ მასში ჩართული უწყებებისთვის/პირებისთვის ბავშვების საუკეთესო ინტერესები არის პრიორიტეტი. სხვა შემთხვევაში, ერთსა და იმავე წრეზე ვივლით და სადმე რომელიმე ნაღმზე ავფეთქდებით. ბავშვთა ზრუნვა ამ ქვეყანაში მკვდარია! ძალადობა არ არის მხოლოდ ფიზიკური, ის არის ფსიქოლოგიურიც, ეკონომიკურიც და სხვა – ზოგჯერ უფრო მძიმე შედეგი აქვს, ვიდრე ფიზიკურ ძალადობას. როცა ბავშვებზე ძალადობთ, როცა ბავშვები ყველგან გეზედმეტებათ, როცა მათ მშვიდად, ლაღად, უსაფრთხოდ ცხოვრების შესაძლებლობას ართმევთ, არ უსმენთ, დაბალ ღობედ მიიჩნევთ და ანგარიშს არ უწევთ, დაელოდეთ – თქვენვე დაზარალდებით!